ოჩამჩირელები და სამურზაყანოელები ჟორდანიას საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას ულოცავენ
ერთობა, 1920 წლის 11 თებერვალი, N32
აკაკი ჩხენკელის მოხსენების გამო
ოჩამჩირიდან: ოჩამჩირის მოქალაქეთა მრავალრიცხოვანმა კრებამ მოისმინა რა ვრცელი მოხსენება დამფუძნებელი კრების წევრის აკაკი ჩხენკელისა [ჩხენკელმა 1920 წლის იანვარ-თებერვალში მოიარა დასავლეთ საქართველოს მაზრები და ქალაქები. – რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა] საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ, ერთხმათ დაადგინა: მოგესალმოთ თქვენ, ჩვენი ერის ბელადს, და მოგილოცოთ ბედნიერი დღე და გისურვოთ კვლავ ნაცადი გზით მხნეთ განგეგრძოთ მუშაობა ჩვენი ერისა და მშრომელი ხალხის საკეთილდღეოთ.
ოჩამჩირის ქალაქის თავი ჟორჟოლიანი
სამურზაყანოდან: სამურზაყანოს მცხოვრებთა ყრილობამ მოისმინა რა თავის თანამემამულე აკაკი ჩხენკელის მოხსნება საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობისა და მისი საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ, მოგესალმებით თქვენ და გისურვებთ, რომ შინაურ აღმშენებლობაშიაც მიგეღწიოთ მიზანს და გაგემართლებინოთ ის იმედები, რომელსაც ამყარებს თქვენზე საქართველოს დემოკრატია, გაძლევთ დემოკრატიის პატიოსან სიტყვას, რომ ყოველ თქვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯს დემოკრატიის სასარგებლოთ ჩვენ დავიცავთ უკანასკნელ სისხლის წვეთამდე.
სამურზაყანოს მცხოვრებთა საერთო კრება