პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-ში ვიზიტი დაასრულა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რომელიც 5-10 თებერვალს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობდა, ამერიკელ კანონმდებლებს შეხვდა, მათ შორის, კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეს ადამ კინზინგერს, რომელიც გასული წლის დეკემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილი წერილის თანაავტორია.
- ამერიკელი კონგრესმენები „მზარდ შეშფოთებას“ გამოთქვამენ საქართველოში „დაპირებული პოლიტიკური რეფორმების უკუგდების“ გამო
- ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართა
კონგრესმენმა კინზინგერმა დღეს დილით Twitter-ზე დაწერა, რომ მას გასულ ხუთშაბათს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან „ნაყოფიერი შეხვედრა“ ჰქონდა, რა დროსაც ორივე მათგანმა „აშშ-საქართველოს ურთიერთობის საერთო მიზნები“ კიდევ ერთხელ დაადასტურა.
თუმცა, როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პოლიტიკურ კრიზისში ჩართულ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგის შემდეგ ნათელი გახდა, რომ „ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოუგვარებელი უთანხმოებები კვლავ რჩება“.
„დემოკრატია ადვილი არ არის და მაშინ, როდესაც საპროტესტო გამოსვლები ნორმალურია თავისუფალ ქვეყანაში, ისინი კვლავ მშვიდობიანი უნდა იყოს. ასევე, მოქალაქეები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ მათი მართლმსაჯულების სისტემა მათი პოლიტიკური მიკუთვნების მიუხედავად ,ყველასთვის სამართლიანი და დამოუკიდებელი იქნება“, – დაწერა კინზინგერმა Twitter-ზე.
— Adam Kinzinger (@RepKinzinger) February 10, 2020
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში „კომპრომისზე ყველა პარტია უნდა წავიდეს, რათა მიაღწიონ იმ დემოკრატიას და თავისუფლებებს, რომელსაც ისინი ეძებენ“. „როგორც კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, აშშ-საქართველოს ძლიერი და ხანგრძლივი ურთიერთობის მტკიცე მხარდამჭერად ვრჩები“, – დასძინა მან.
კინზინგერის პოსტის საპასუხოდ, არჩილ თალაკვაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „საქართველოს N1 სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარია“. „თქვენთან მხარდამხარ განვაგრძობთ ჩვენი წვლილის შეტანას მსოფლიოში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავისუფლების განმტკიცების საქმეში“, – წერს თალაკვაძე.
„ძალიან ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას ჩემი ქვეყნისადმი. დარწმუნებული ვარ, თქვენი, როგორც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარის ლიდერობით ორმხრივი თანამშრომლობა, კიდევ უფრო გაძლიერდება“, – მიმართა თალაკვაძემ კინზინგერს და დასძინა, რომ „ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას დადებითი შედეგების მისაღწევად“.
- ქვეყნის პირველი პირები კონგრესმენების წერილებს აფასებენ
- კონგრესმენი თბილისს საკონსტიტუციო ცვლილების მიღებისკენ მოუწოდებს
თალაკვაძის ინფორმაციით, ვაშინგტონში ვიზიტის პირველ დღეს იგი 20-ზე მეტ კონგრესმენს და სენატორს შეხვდა, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და აშშ-ში საქართველოს ელჩთან დავით ბაქრაძესთან ერთად, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ შეკრებაში – National Prayer Breakfast მიიღო მონაწილეობა.
7 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპის და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერს და USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის თანაშემწეს ბროკ ბიერმანს შეხვდა.
Productive meeting & frank exchange w/ Georgia's Speaker of Parliament Talakvadze. Reiterated our interest in seeing meaningful electoral reform passed early this legislative session. Important to level playing field & restore confidence before 2020 parliamentary elections. pic.twitter.com/PNQ1174sXR
— Brock Bierman (@BBiermanUSAID) February 7, 2020
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით იმ ქართველ სტუდენტებსაც შეხვდა, რომლებიც გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეაში მონაწილეობენ. ქართული დელეგაცია ფილადელფიის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში საკვირაო წირვასაც დაესწრო. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, თალაკვაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც გამართა რიგი შეხვედრები.
ასევე წაიკითხეთ:
- ამერიკელი კონგრესმენი მალინი გიორგი გახარიას ღია წერილს უგზავნის
- კონგრესმენი ბაბინი გახარიას „დაყოვნებული რეფორმებისა და ამერიკული ინვესტიციისათვის გაუარესებული გარემოს“ გამო სწერს
- ამერიკელი კონგრესმენი „ოლიგარქ“ ივანიშვილს „ფრონტერასა“ და ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო აკრიტიკებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)