უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების გამო ოპოზიცია მმართველ გუნდთან დიალოგს წყვეტს

უზენაესი სასამართლოს მიერ ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების გამო ოპოზიცია მმართველ გუნდთან საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ დაწყებულ დიალოგს წყვეტს.

დიალოგის შეწყვეტას დღეს ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის მორიგი შეხვედრა უძღოდა, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მმართველი გუნდისთვის საარჩევნო სისტემის რეფორმირების შესახებ მოლაპარაკებისთვის შესათავაზებელ კომპორმისულ ვარიანტებზე იმსჯელეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრაზე ერთ-ერთ ვერსიად არჩევნების  შერეული სისტემით, თუმცა 130/20-ზე პრინციპით ჩატარების ფორმულაზე იმსჯელეს.

მანამდე მმართველმა გუნდმა ოპოზიციას მათი მხრიდან შემუშავებული კომპრომისული ვარიანტი შესთავაზა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ასევე შერეული სისტემით ჩატარებას, თუმცა 100/50-ზე ფორმულას გულისხმობს. ქართული ოცნება ოპოზიციას პროპორციული მანდატების 77-დან 100-მდე გაზრდას, ხოლო მაჟორიტარული მანდატების 73-დან 50-მდე შემცირებას სთავაზობდა.

ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა საკუთარ ოფისში ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია იწყებს „კონსულტაციებს და მზადებას დიდი სახალხო ქუჩის ტალღის აგორებისთვის მთელ საქართველოში“.

„ჩვენ, ოპოზიციას, რომელიც აქ ვიკრიბებით [გულისხმობს ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე შეხვედრებს], არ დაგვრჩა სხვა გზა, გარდა იმისა, რომ შევწყვიტოთ ყოველგვარი მოლაპარაკებები, რაუნდები და კონსულტაციები პირსისხლიან ივანიშვილის რეჟიმთან, გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობის მომზადებაზე, ივანიშვილს ელოდება სახალხო სამსჯავრო“, – განაცხადა ნათელაშვილმა და იქვე დასძინა, რომ ამას ქართულმა ოცნებამ დღეს უგულავას დაპატიმრებით თვითონ მოაწერა ხელი.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განმარტებით კი, ოპოზიცია კონკრეტულ სამოქმედო გეგმას საზოგადოებას ხვალ წარუდგენს.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან რეფორმირების თაობაზე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის გამართვა მიმდინარე კვირაში იგეგმებოდა. წინა ოთხი შეხვედრა მხარეებს შორის კონკრეტული შეთანხმებების გარეშე დასრულდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)