ომბუდსმენი უგულავას საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმაურება
საქართველოს სახალხო დამცველი ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავასა და სხვა პირების მიმართ გუშინ უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმე „იმ საფრთხეების მატერიალიზაციაა“, რომელთა გამოც სახალხო დამცველი მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვდა.
ომბუდსმენი 11 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში მიუთითებს, რომ პროკურატურის მიერ უგულავას საქმის მეორე ინსტანციისა და უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების დროს, უზენაესი სასამართლოს ამჟამინდელი მოსამართლე შალვა თადუმაძე, რომელიც ბოლო ინსტანციაში ამ საქმის განხილვას თავმჯდომარეობდა, გენერალური პროკურორი იყო.
- უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო და მას პატიმრობა შეუფარდა
- გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებას პოლიტიკოსები აფასებენ
სახალხო დამცველის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ შალვა თადუმაძე სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურორად პირადად არ გამოდიოდა, ეს არსებული კონტექსტის უგულებელსაყოფად არ გამოდგება, რომ „საქართველოს პროკურატურაში დადგენილია მკაცრად ვერტიკალური დაქვემდებარების სისტემა, სადაც ყველა ქვემდგომი პროკურორი ვალდებულია, ზემდგომი პროკურორის მითითება შეასრულოს, ხოლო პროკურატურის ყველა თანამშრომელი გენერალურ პროკურორს ემორჩილება“.
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, სასამართლოს მოსამართლის პირადი დამოკიდებულება და ქცევა უნდა ქმნიდეს საზოგადოებაში მისი მიუკერძოებლობის განცდას. მოსამართლემ, რომლის მიკერძოებულობის მიმართაც აშკარა ეჭვი ჩნდება, საქმის განხილვაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს“, – აცხადებს ომბუდსმენი და იქვე განმარტავს, რომ ევროპულ სასამართლოს უკვე აქვს დადგენილი დარღვევა ისეთ საქმეში, სადაც პირი ერთი მხარის წინააღმდეგ ორ საქმეში მონაწილეობდა და ერთ შემთხვევაში ადვოკატი იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში კი – მოსამართლე.
- უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების გამო ოპოზიცია მმართველ გუნდთან დიალოგს წყვეტს
- აშშ-ის საელჩო ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგის მნიშვნელობაზე საუბრობს
ომბუდსმენი ასევე აღნიშნავს, რომ სწორედ მსგავსი რისკების არიდებისკენ იყო მიმართული მოსამართლეთა შერჩევის პროცესში სახალხო დამცველის ძალისხმევა. „სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში დამატებით გაესვა ხაზი შალვა თადუმაძის უმაღლესი განათლების საკითხს, რომლის გარშემოც შესაბამისი კითხვის ნიშნები არსებობდა. სამწუხაროდ, ამ საკითხის საწინააღმდეგო არგუმენტაციის წარმოდგენის გარეშე მოხდა საქართველოს პარლამენტის მიერ შალვა თადუმაძის მოსამართლედ არჩევა“, – დასძინა მანვე.
აღნიშნულის გათვალისწინებთ, ომბუდსმენი აცხადებს, რომ უგულავას საქმიდან „იკვეთება ხარვეზები, როგორც მოსამართლის მიუკერძოებლობის, ისე – კანონის საფუძველზე დანიშნული მოსამართლის საკითხთან დაკავშირებით“.
სწორედ ამიტომ, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შემდგომში აღნიშნული საქმის განხილვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგრძელების შემთხვევაში, მას „უაღრესად დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მთლიანად, ქართული მართლმსაჯულებისთვის“.
„საქართველოს სახალხო დამცველი ყურადღებით დააკვირდება საქმის შემდგომ მსვლელობას და მანდატის ფარგლებში, გამოიყენებს მის ხელთ არსებულ უფლებამოსილებებს“, – აცხადებს ომბუდსმენი.
უგულავას დაპატიმრების ფონზე, ოპოზიციამ მმართველ გუნდთან საარჩევნო სისტემის რეფორმაზე დაწყებული მოლაპარაკებები შეწყვიტა და მოქმედების ახალ სტრატეგიაზე გადავიდა. ზუსტ გეგმას ოპოციცია საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობს.
უგულავას დაპატიმრებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურება. აღნიშნულის გამო წუხილი ამერიკელმა კონგრესმენებმა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე გამოთქვეს. უგულავას დაკავების ფონზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეწყვეტილი მოლაპარაკებების შესახებ განცხადება საქართველოში აშშ-ის საელჩომაც გაავრცელა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)