ბრიტანეთის საელჩო უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე
ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში 11 თებერვალს განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერისთვის, გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდება „ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს, როგორც პროცესის მიმართ, ასევე დროსთან დაკავშირებით“.
ბრიტანეთის საელჩოს თქმით, ამას, ასევე, გავლენა აქვს საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგზე, რომლის მიზანია ქართველი ამომრჩევლის ნდობის მოპოვება. „როგორც საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი მოვუწოდებთ მხარეებს მოახდინონ განსხვავებული პოზიციების დაახლოება და გააძლიერონ დემოკრატია“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
- აშშ-ის საელჩო ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგის მნიშვნელობაზე საუბრობს
- ოპოზიცია აპრილში საპროტესტო აქციას გეგმავს, სადაც ერთიან საარჩევნო გეგმას წარადგენს
უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე დამნაშავედ ცნო და მას საბოლოო სასჯელის სახედ სამი წლით, ორი თვითა და რვა დღით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
უგულავას დაპატიმრების ფონზე, ოპოზიციამ მმართველ გუნდთან საარჩევნო სისტემის რეფორმაზე დაწყებული მოლაპარაკებები შეწყვიტა და მოქმედების ახალ სტრატეგიაზე გადავიდა. 4 აპრილს რუსთაველის გამზირზე ოპოზიცია საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს, სადაც საზოგადოებას საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთობლივ სამოქმედო გეგმას გააცნობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)