გიორგი მარგველაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი გიგი უგულავას საქმის განაჩენს ეხმაურებიან
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უზენაესი სასამართლოს მიერ ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურებიან და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენებაზე საუბრობენ.
ყოფილმა პრეზიდენტმა 11 თებერვალს „ტელეკომპანია პირველთან“ საუბარში თქვა, რომ გიგი უგულავას დაკავებამ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება „მართლაც შეცვალა“ და იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისის ყოფილი მერი „პოლიტპატიმარია“.
„უგულავას დაკავება ეს არის სილა, რომელიც გააწნეს ჩვენს პარტნიორებს“, რომლებმაც, მისივე თქმით, „ძალიან მკვეთრი აზრი გამოხატეს იმის თაობაზე, რომ საქართველოში დემოკრატიის პრინციპები ძალიან სერიოზულად ირღვევა“.
ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, მაშინ როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში, თითქოს, ქვეყანაში არსებული ვითარების მოსაგვარებლად იყო ჩასული და პარალელურად ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, უგულავას დაკავება არის იმის „ნათელი მესიჯი“ დასავლეთისადმი, რომ ხელისუფლებას პარტნიორების აზრი საერთოდ არ აინტერესებს.
„ვფიქრობ, რომ ჩვენ პოლიტიკური ვითარება აქედან გამომდინარე უნდა დავინახოთ. ასეთი ნათელი მესიჯი, ასეთი ნათელი გზავნილი, რომ თქვენი აზრი ჩვენთვის საერთოდ არ არის საინტერესო, საქართველოს ჯერ არცერთი ხელისუფლების დროს არ გაუგზავნია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. ასეთი მესიჯის ფონზე, ვითარება რუსეთის გარეშე აღარ დალაგდება. თუ შენ ივიწყებ დასავლეთს, თამაშის სხვა არეალი არის რუსეთი“, – განმარტა მანვე.
უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებას ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი 11 თებერვალს Facebook-ის საშუალებით გამოეხმაურა და თქვა, ხელისუფლების მიერ „საარჩევნო სისტემაზე საჯაროდ გაცემული პირობის დარღვევისა“ და „სტრატეგიული პარტნიორების უმწვავესი კრიტიკის“ ფონზე, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ოპოზიციური ძალის ერთ-ერთი ლიდერის დაკავება „შეიძლება შეფასდეს, როგორც მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენებად“.
„ამ აზრზეა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, განურჩევლად იმისა, ჯდება თუ არა გიგი უგულავა მის პოლიტიკურ გემოვნებაში… ასეთი ქმედებებით ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას შემდგომი პოლარიზაციის ზრდაზე“, – აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა და იქვე დააზუსტა, რომ მისი და ევროპული საქართველოს პოლიტიკური მრწამსი „იყო და რჩება კარდინალურად განსხვავებული“.
ამასთან, კვირიკაშვილმა „შექმნილი ტენდენცია“ ხელისუფლების მხრიდან „დემოკრატიულ კურსზე უარის თქმად“ შეაფასა, რასაც მისივე თქმით, „ლოგიკურად მოჰყვება 2020 წლის არჩევნების შედეგების წინასწარი დელეგიტიმაცია“. შესაბამისად, იგი მოუწოდებს ხელისუფლებას, „იღონოს ყველაფერი, რათა მოხდეს პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაცია, საზოგადოების პოლარიზაციის თავიდან აცილება და უმნიშვნელოვანესი არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება“.
განცხადების გავრცელებიდან მალევე, Facebook-დან გიორგი კვირიკაშვილის ანგარიში გაქრა და ის ამ დრომდე არ იძებნება.
უგულავას ადვოკატის ინფორმაციით, მოსამართლეთა სამკაციანი კოლეგიიდან გადაწყვეტილებას მხარი ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ და მერაბ გაბინაშვილმა დაუჭირეს. ორივე მათგანი უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეებად პარლამენტმა ახლახან გაამწესა.
ამასთან, შალვა თადუმაძე საქმის მეორე ინსტანციის სასამართლოში განხილვისა და უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების მომენტში გენერალური პროკურორი იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)