ესტონეთი და შვედეთი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების გამო შეშფოთებას გამოხატავენ
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 12 თებერვალს ევროპული საქართველოს ლიდერის გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე განცხადებები გამოაქვეყნეს.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ზე დაწერა, რომ ისინი გიგი უგულავას მიმართ გამოტანილ განაჩენს თვალს „შეშფოთებით“ ადევნებენ. უწყების თქმით, „განაჩენის გარშემო არსებული გარემოებები პოლიტიკურ დიალოგს ხელს არ უწყობს, რომლის მიზანიც საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის დეპოლარიზაციაა“.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემაც გააკეთა და აღნიშნა, რომ „შვედეთი იზიარებს ევროკავშირის წუხილებს უგულავას საქმის გარშემო არსებული გარემოებების თაობაზე“. „როგორც საქართველოს ახლო მეგობარი, ისეთი ნაბიჯების გადადგმისკენ მოგიწოდებთ, რომლებიც შეამცირებს დაყოფას და დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უმაღლეს სტანდარტებს დაიცავს“, – დაწერა მინისტრმა Twitter-ზე.
12 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში, ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ევროკავშირი „დეტალურად ეცნობა“ უზენაესი სასამართლოს მიერ ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას საქმეზე სულ ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებას.
გიგი უგულავას ადვოკატის ინფორმაციით, გადაწყვეტილებას მხარი კოლეგიის ორმა წევრმა – შალვა თადუმაძემ (ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა) და მერაბ გაბინაშვილმა დაუჭირეს, რომლებიც უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეებად ცოტა ხნის წინ დაინიშნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)