საია: აბაზოვის საქმეზე გადაწყვეტილებები „საეჭვო და დაუსაბუთებელია“
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში ბრალდებული მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის გამართლების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ „სასამართლოსა და პროკურატურის გადაწყვეტილებები საეჭვო და დაუსაბუთებელია“.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც თავდაყირა აყენებს მართლმსაჯულებას ამ ტიპის საქმეზე“,- განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სულხან სალაძე 13 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.
სულხან სალაძის თქმით, თემურაზ აბაზოვი მარნეულში „არ არის ჩვეულებრივი და ერთი რიგითი ადამიანი, მისი სტატუსის და როლის გათვალისწინებით“, აქედან გამომდინარე სალაძე არ გამორიცხავს, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებას „გარკვეული საარჩევნო დატვირთვა ჰქონდეს და ხელისუფლება სწორედ ასეთ ადამიანებზე ამყარებდეს გარკვეულ იმედს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე“.
საკითხთან მიმართებით დღესვე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ საქმეში არსებული საკმარისი მტკიცებულებების მიუხედავად, სასამართლომ აბაზოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, რითაც ორგანიზაციისვე შეფასებით, ქვეყანაში „დამამცირებელი მოპყრობის საშიში პრაქტიკა წაახალისა“.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ასევე საყურადღებოდ მიიჩნევს პროკურატურის მიერ თემურ აბაზოვისთვის რამდენიმე დღის წინ სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდების მოხსნას, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენებას ან/და გავრცელებას გულისხმობდა. ორგანიზაციის აღნიშვნით, ამ მუხლში თეიმურაზ აბაზოვის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის ალბათობა საკმაოდ მაღალი იყო.
აბაზოვი მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებით 2018 წლის ივნისში დააკავეს. მოგვიანებით, მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აბაზოვი 2018 წლის დეკემბერში, 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მარნეულის აწ უკვე ყოფილი მერის დაკავება სტუდია მონიტორის მიერ მომზადებულ საგამოძიებო ფილმს მოჰყვა. ფილმში ჩანდა, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე, მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეს ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის თემურ აბაზოვის გინებისთვის ბოდიში მოახდევინეს და ზეწოლის შედეგად, სავარაუდოდ, სახეზე შარდი წაასმევინეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)