ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა თბილისში, ცხინვალსა და მოსკოვში შეხვედრები გამართეს
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან, ტოივო კლაარმა, ჯიჰან სულთანოღლუმ და რუდოლფ მიხალკამ 6-12 თებერვალს თბილისში, ცხინვალსა და მოსკოვში შეხვედრები გამართეს.
ტოივო კლაარის თქმით, თბილისში მათ „მნიშვნელოვანი დისკუსიები“ ჰქონდათ ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე უსაფრთხოებისა და გამშვები პუნქტების დახურვის თაობაზე.
Two days of meetings in Tbilisi and Tskhinvali together with my #OSCE and #UN co-chairs are at an end. Important discussions regarding security on South Ossetian ABL and the continued closure of crossing points. Now off to #Azerbaijan.
— Toivo Klaar (@ToivoKlaar) February 12, 2020
12 თებერვალს თანათავმჯდომარეები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ შეშფოთება გამოხატა ბოლო პერიოდში საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ „გახშირებულ პროვოკაციებზე, მათ შორის, სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებებზე“.
ლაშა დარსალიამ მადლობა გადაუხადა თანათავმჯდომარეებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში მათი ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები „მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში“.
მანამდე 10 თებერვალს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა ცალკე შეხვედრები გამართა სულთანოღლუსა და მიხალკასთან.
- საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა
- ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა თბილისში, ცხინვალსა და სოხუმში შეხვედრები გამართეს
საქართველში ვიზიტის ფარგლებში, თანათავმჯდომარეები ოკუპირებულ ცხინვალშიც ჩავიდნენ. რეგიონის მედიის ინფორმაციით, ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენელმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე, მურატ ჯიოევმა განაცხადა, რომ თბილისის და ცხინვალის პოზიციები ჩორჩანა-წნელისის დაძაბულობის თაობაზე განსხვავდება.
უარყო რა ჰუმანიტარული კრიზისი ახალგორის მუნიციპალიტეტში, ჯიოევმა აღნიშნა, რომ „ქართული პროპაგანდა სრულად განსხვავდება რეალური სიტუაციისგან“ ადგილზე.
გასულ კვირას თანათავმჯდომარეები მოსკოვსაც ესტუმრნენ. მოსკოვის ვიზიტის შესახებ საუბრისას, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარმა „სამოქალაქო საქართველოს“ 12 თებერვალს განუცხადა, რომ „ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ რუსეთის წარმომადგენლებთან ჩვენი პოზიცია გამშვებ პუნქტებთან დაკავშირებით“. „მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ რუსი მონაწილეებისგან ველით კონსტრუქტიულ ჩართულობას იმ სიტუაციის მოგვარებაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით“, – განაცხადა კლაარმა.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი 2020 წლის 31 მარტი-1 აპრილს გაიმართება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)