სახელმწიფო თეატრში დავით კლდიაშვილის იუბილე აღნიშნეს
გაზ. ერთობა, 1920 წლის 17 თებერვალი, N37
დავით კლდიაშვილის იუბილე
15 თებერვალს სახელმწიფო თეატრში 30 წლის სამწერლო ასპარეზზე მოღვაწეობის აღსანიშნავათ ქართულმა საზოგადოებამ იუბილე გადაუხადა დამსახურებულ მოხუც მწერალს დავით კლდიაშვილს.
სახელმწიფო თეატრი ხალხით იყო გაჭედილი. დაესწრენ დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრები, მთავრობის წევრები და მრავალი სხვა საზოგადო-სახელმწიფო მოღვაწენი.
პირველ განყოფილებაში ივანე გომართელმა მოკლეთ დაახასიათა კლდიაშვილის შემოქმედება. ხაზი გაუსვა მის იუმორის თავისებურებას და საუცხოვოთ დახატა დრომოჭმული წოდების – თავად-აზნაურობის კუდაბზიკობა.
მეორე განყოფილებაში სცენაზე გამოჩდენ მწერლები და სხვა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენელნი. იუბილარის გამოსვლას მთელი დარბაზი ცხარე ტაშის ცემით ხვდება და ოვაციებს უმართავს. მუსიკა უკრავს ჰიმნს. იუბილარი იკავებს საგანგებოთ დამზადებულ ადგილს სცენაზე. შემდეგ იწყება მილოცვები. პირველათ იუბილარს მიესალმა კოტე მაყაშვილი, მწერალთა კავშირის სახელით. შემდეგ დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმისა და ხელოვნების კომისიის სახელით ივანე გომართელმა, წაკითხული იქნა განათლების მინისტრის ამხანაგის ნოე ცინცაძის მისალოცი წერილი და სამხედრო მინისტრის გრიგოლ ლორთქიფანიძეს ტელეფონოგრამა, რომლებსაც საზოგადოება ცხარე ტაშიც შეხვდა.
შემდეგ ესალმებიან ქალაქ თფილისის სახელით ბენია ჩხიკვიშვილი, ქალაქთა კავშირის სახელით არჩილ ჯაჯანაშვილი, ქ.შ.წ.კ საზოგადოების სახელით მ. კაკაბაძე, მომღერალთა სახელით მიულოცა ვ. ჩხაიძემ.
შემდეგ ესალმებიან, წარმომადგენელნი გორის ერობისა, ქუთაისის გარნიზონისა, გორის გარნიზონისა, ქალთა კავშირისა, სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირისა, საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებისა, რკინის გზის მუშა-მოსამსახურეთა კავშირისა, სახალხო უნივერსიტეტისა და სხვა. დასასრულს მგრძნობიერი სიტყვით და ლექსით მიულოცა იუბილარს ვლასა მგელაძემ.
იუბილარმა მოკრძალებით მადლობა გადაუხადა საზოგადოებას და ცრემლებით წარმოსთქვა: „მე ბედნიერი ვარ იმითაც, რომ მოხუცებულობის დროს მოვესწარი ჩვენი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას, მის ცნობას და ხალხთა შორის თანასწორ უფლებით სათანადო ადგილის დაკავებას… გმადლობთ ყველას, უსაზღვროთ გმადლობთ…“
შემდეგ წარმოდგენილი იქნა „უბედურება“ და „დარისპანის გასაჭირი“. ნასიამოვნები საზოგადოება ღამის 12 საათზე დაიშალა.