ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა ერთობლივი განცხადება ვერ მიიღო
12-13 თებერვალს, ევროპარლამენტმა სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-9 შეხვედრას უმასპინძლა. კომიტეტმა ერთობლივი განცხადება ვერ მიიღო. ამ ფაქტს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის ურთიერთბრალდებები მოჰყვა.
ასოცირების კომიტეტის სხდომა, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების საპარლამენტო კონტროლს ახორციელებს, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილისა და ესტონელი ევროპარლამენტარის მარინა კალიურანდის თანათავმჯდომარეობით გაიმართა.
საპარლამენტო ასოცირების კომიტეტში ქართველი ოპოზიციური პარტიების წევრები – ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სალომე სამადაშვილი და ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთარ კობახიძე – პირველები იყვნენ, ვინც კომიტეტის მიერ განცხადების თაობაზე შეთანხმების ვერმიღწევის შესახებ განაცხადეს.
კახიძის თქმით, მმართველი პარტიის დეპუტატები ერთობლივი განცხადების ტექსტში ევროპარლამენტის წევრების მიერ ინიცირებულ ცვლილებებს შეეწინააღმდეგნენ.
ქართული ოცნების დეპუტატმა კახა კუჭავამ კი განმარტა, რომ მმართველი პარტიის დეპუტატებმა რიგ ცვლილებებს დაუჭირეს მხარი, თუმცა მათ ის ცვლილებები არ მოიწონეს, რომლებიც ხშირად აბსურდულად ჟღერდა. კუჭავასვე თქმით, ევროპარლამენტარების მიერ დაახლოებით 38 ცვლილება იყო შემოთავაზებული.
თავდაპირველი პროექტი ტექსტის და ინიცირებული ცვლილებები მედიისთვის მიუწვდომელი რჩება.
საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარემ, დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა ოპოზიცია გააკრიტიკა და მათი მხრიდან ქვეყნის „გაშავებისკენ“ მიმართული ძალისხმევა „ანტისახელმწიფოებრივ“ ქმედებად შეაფასა.
დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ „დოკუმენტი, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერდა მხარს, ქართულმა ოცნებამ დაბლოკა“.
შეხვედრის შემდეგ, თანათავმჯდომარემ მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომ „ევროპარლამენტი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში არსებულ სიტუაციას და იმედოვნებს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთობლივად იპოვიან იმ პრობლემების მოგვარების გზებს, რომლებიც ქართველ ხალხს აწუხებს და ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებას აფერხებს“.
„ჩვენ ევროპულ-ქართული ოჯახი ვართ და საქართველოს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს ევროპასთან უფრო ახლო ინტეგრაციის თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ ვთანხმდებით ყველაფერზე“, – დაწერა მან Twitter-ზე.
Getting ready for family photo. We are European-Georgian family and Georgia has our full support for closer European integration, even if we do not always agree on everything. @Europarl_EN @EP_ForeignAff @MarketkaG @OtarKakhidze @natasabanadze @Georgia_In_EU pic.twitter.com/KnekA9j7Zb
— Marina Kaljurand MEP (@MarinaKaljurand) February 13, 2020
ჩეხმა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ასევე Twitter-ზე დაწერა: „დღეს მხარი არ დავუჭირეთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის გამართული საპარლამენტო შეხვედრის საბოლოო განცხადებას“. მანვე იქვე აღნიშნა: „ეს არ არის სიგნალი ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ კვლავაც გიჭერთ მხარს თქვენს ევროპულ გზაზე. ეს არის სიგნალი საქართველოს ხელისუფლების მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ შეუსაბამობებს ვხედავთ და მათ სერიოზულად აღვიქვავთ“.
სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, ოპოზიციამ საარჩევნო რეფორმის თაობაზე მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა და 4 აპრილს საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს, სადაც ერთობლივ სამოქმედო გეგმას წარადგენს.
უგულავას გასამართლებისა და საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკებების ჩაშლის გამო საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა შეშფოთება უკვე გამოხატეს. 13 თებერვალს, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში წამყვანმა ევროპარლამენტარებმა, მათ შორის, მარინა კალიურანდმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც აღნიშნეს, რომ უგულავას გასამართლება „გადაწყვეტილების პროცედურების, დროისა და მოტივაციის თაობაზე კითხვებს აღძრავს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)