საქართველოს ლიდერებმა მიუნხენში ვიზიტი დაასრულეს
საქართველოს დელეგაციამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, რომლის შემადგენლობაშიც თავდაცვის, საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრები – ირაკლი ღარიბაშვილი, დავით ზალკალიანი და თეა წულუკიანი შედიოდნენ, 14-16 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, კოლეგებთან რიგი შეხვედრები გამართეს.
კონფერენციის პირველ დღეს აშშ-ის თავდაცვის მდივანთან მარკ ესპერთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თავის ალბანელ კოლეგას ედი რამას შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისზე და ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „შევთანხმდით, რომ გავაფართოვოთ თანამშრომლობა ალბანეთთან და ევროკავშირის სხვა წევრებთან“, – დაწერა გახარიამ Twitter-ზე.
მომდევნო დღეს გახარია თავის რუმინელ კოლეგას ლუდოვიკ ორბანს შეხვდა და შავი ზღვის რეგიონში კავშირების გაფართოების სარგებელზე იმსჯელა.
Honored to participate in the @MunSecConf, the world’s leading forum for international security, to strengthen our direct communications w/ our partners & discuss the security challenges of the 21st century. #MSC2020 pic.twitter.com/HvvBs9WgeR
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) February 14, 2020
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის ფინელ, ბერძენ, ლატვიელ და მონტენეგროელ კოლეგებთან შეხვედრებზე ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ასევე გამართა შეხვედრები კოლეგებთან პოლონეთიდან, ესპანეთიდან, ლიხტენშტაინიდან, სლოვენიიდან, ჩეხეთის რესპუბლიკიდან და ხორვატიიდან.
14 თებერვალს, ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში თემაზე „Greater Black Sea Region: Competition for Sea Control or Sea Denial“, რომელსაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრი და ახალი სტრატეგიის ცენტრი მასპინძლობდნენ.
15 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან – ვადიმ პრისტაიკოსთან და აურელიუ ჩოკოისთან ერთად, ერთობლივი წერილი გამოაქვეყნა, რომელიც ევროკომისიას მოუწოდებს, რომ „მომდევნო შვიდი წლისთვის, თავის სტრატეგიულ საბიუჯეტო დაგეგმვაში“ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორი სამი ქვეყნის – უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების „მასშტაბები და ამბიციები“ გაითვალისწინოს.
უცხოეთის ოფიციალური პირები საქართველოს შესახებ
14 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ საუბრისას, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „შავ ზღვას ნატოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და რომ ნატო წარმოდგენილია შავ ზღვაზე“.
„ჩვენ გვყავს მოკავშირეები, როგორიცაა ბულგარეთი, რუმინეთი და, რა თქმა უნდა, თურქეთი და გვყავს პარტნიორები, როგორიცაა უკრაინა და საქართველო. ჩვენ გავზარდეთ ჩვენი წარმომადგენლობა შავი ზღვის რეგიონში, მეტი საჰაერო პოლიციის, ზღვაზე და ხმელეთზე ყოფნის გზით“, – თქვა სტოლტენბერგმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს „ახლო პარტნიორია“ და რომ ალიანსი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან. „ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ძალისხმევას, რომ რეფორმები განახორციელონ, მაგრამ ასევე მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველო მხარდაჭერას უცხადებს ნატოს ბევრი სხვადასხვა მიმართულებით“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
თავის შესავალ სიტყვაში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ, ელჩმა ვოლფგანგ იშინგერმა 14 თებერვალს განაცხადა, რომ „უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთი საკმაოდ გასცდა ევროპას“ და მიუხედავად იმისა, უკრაინისა და საქართველოს შემთხვევაში რუსეთის აგრესიის შედეგად, მდგრადი ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურისადმი რწმენა შეირყა, „ჩვენი, როგორც გერმანელების მოვალეობაა, რომ კარი ღია დავტოვოთ მცდელობისთვის“.
კონფერენციაზე გამოსვლისას საქართველო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომაც ახსენა. ქვეყნების სუვერენიტეტზე „როგორც ჩვენი წარმატების საიდუმლოსა და მთავარ მიზეზზე“ საუბრისას, მან განაცხადა, რომ „კედლის დანგრევიდან 30 წლის თავზე, ქვეყნები, რომლებიც პატივს არ სცემენ სუვერენიტეტს, კვლავ გვემუქრებიან. ზოგიერთი ერი კვლავ მიილტვის იმპერიისკენ“.
„მოდით ვისაუბროთ ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, ან უფრო სწორედ, იმ ქვეყნების შესახებ, რომლებიც მას პატივს არ სცემენ. რუსეთმა დაიპყრო ყირიმი და აღმოსავლეთ უკრაინის და საქართველოს ნაწილები“, – განაცხადა პომპეომ.
I value U.S. contribution to security in t/region and to strong relations with its allies like 🇬🇪Grateful for having Mike Pompeo standing by 🇬🇪 to stop Russia’s occupation&disinformation campaign aimed at undermining Georgia's pro-Western integration processes @SecPompeo #MSC2020
— David Zalkaliani (@DZalkaliani) February 15, 2020
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა პომპეოს აშშ-ის წვლილისთვის „რეგიონში უსაფრთხოების და საქართველოს მსგავს მოკავშირეებთან ძლიერი ურთიერთობების ჩამოყალიბების საქმეში“. „მადლიერი ვარ იმის გამო, რომ მაიკ პომპეო საქართველოს გვერდითაა, რათა შეაჩეროს რუსეთის ოკუპაცია და დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მიზანიც საქართველოს პროდასავლური ინტეგრაციის პროცესებისთვის ძირის გამოთხრაა“, – დაწერა ზალკალიანმა Twitter-ზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)