ასლან ბჟანია კავკასიაში რუსულ ინტერესებსა და თბილისთან ურთიერთობებზე
ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტის“ დეპუტატმა ასლან ბჟანიამ, რომელიც სავარაუდო მოწამვლის შემდეგ სოჭში რეაბილიტაციას გადის, თქვა, რომ ეკონომიკური თუ სხვა სახის ურთიერთობების დამყარების თაობაზე ქართულ მხარესთან ჰიპოთეტურ მოლაპარაკებებისას აუცილებელია რუსეთის ინტერესების გათვალისწინებაც, რადგან „რუსეთს უკვე რამდენიმე საუკუნეა გააჩნია… თავისი ინტერესები კავკასიაში“.
ამ და სხვა საკითხებზე ბჟანიამ „აფხაზეთის ტელევიზიის“ გადაცემა „Tet-A-Tet“– თან ინტერვიუში 27 იანვარს ისაუბრა. ჟურნალისტმა ბჟანიას ჰკითხა თბილისსა და სოხუმს შორის შესაძლო ურთიერთობებზე, იმ შემთხვევაში, თუ იგი 22 მარტის „განმეორებით არჩევნების“ შემდეგ რეგიონის „პრეზიდენტი“ გახდება.
„ეს, [რასაც ვიტყვი], უფრო მეტად, ალბათ, ეხება ქართველ მაყურებლებს, რომლებიც ამ ინტერვიუს ნახავენ… რუსეთს უკვე რამდენიმე საუკუნეა, თავისი ინტერესები აქვს კავკასიაში. კავკასიისა და ამიერკავკასიის ტერიტორია გარკვეულ ეტაპზე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა და, რა თქმა უნდა, არის უამრავი მოლაპარაკება, რომელშიც რუსეთი უნდა მონაწილეობდეს, ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული“. მისივე თქმით, „ევროპელები ცოტა შორს არიან, ვიდრე რუსები და, მით უმეტეს, [შორს არიან] ამერიკელები“.
ამავდროულად, ბჟანიამ განაცხადა, რომ არსებობს არაერთი საკითხი, რომელიც უშუალოდ ქართულ მხარესთან ერთად უნდა მოგვარდეს. ბჟანიამ, მათ შორის, აღნიშნა კრიმინალთან ბრძოლის თუ ჰუმანიტარული საკითხები, მაგალითად, სამედიცინო დახმარების გაწევა მათთვის, ვისაც ეს ესაჭიროება, თუმცა ასეთი დახმარების მიღება ოკუპირებულ რეგიონში არ შეუძლიათ; ასევე ეკონომიკური ურთიერთობები, რომელსაც, მისი თქმით, ამჟამად უკანონო ხასიათი აქვს და ამით ზიანს აყენებს სოხუმის ბიუჯეტს.
„როგორ ფიქრობთ, ეს საკითხები როგორმე უნდა მოგვარდეს? უნდა მოგვარდეს! უნდა განიხილებოდეს თუ არა ისინი ჟენევაში, ან იქნებ შეიძლება უფრო მარტივად მათი განხილვა, საზღვარზე, იმ ადამიანებთან, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს? ცუდია, თუკი სამართალდამცავები ერთმანეთთან ურთიერთობენ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით? საჭიროა თუ არა ამის გაკეთება? ვფიქრობ, რომ აუცილებელია“, – განუცხადა მან ჟურნალისტს.
უკვე არსებულ ეკონომიკურ კონტაქტებზე საუბრისას ბჟანიამ ენგურჰესის ექსპლუატაციის საკითხიც ახსენა, შემდეგ კი თქვა: „სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მონაცემებით, წელიწადში ჩვენ, დაახლოებით, 10,000 ტონა თხილს ვამზადებთ. ამავე სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მონაცემებით, რუსეთში ექსპორტზე ათას ტონამდე გაგვაქვს, 9000 ტონა საქართველოში მიდის, და ამით რამდენიმე ჩინოვნიკი მდიდრდება. სწორედ ისინი უხდიან ხოლმე იმ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც ამ საკითხზე ერთ ამბავს ატეხენ. გვჭირდება ჩვენ ამ საკითხის მოგვარება? იქნებ ჩვენი თხილი საზღვრიდან კოსმოსში მიფრინავს? ან იქნებ ეს თხილი საქართველოს ტერიტორიაზე გადადის? აქვს თუ არა სახელმწიფოს აქედან რაიმე [შემოსავალი]? არ აქვს. უნდა აკონტროლებდეს სახელმწიფო ამ საკითხებს? როგორ უნდა ვქნათ ეს, თუ მეორე მხარეს არ ვესაუბრეთ?“.
კონტაქტებზე საუბრისას მან ასევე აღნიშნა: „საქართველოს ზოგიერთი ლიდერი ამბობს, რომ ისინი გვეხმარებიან, რომ ჩვენს მოქალაქეებს სამედიცინო დახმარებას უწევენ, და ეს შესანიშნავია. მე არ გავკიცხავ მათ, ვინც იქ სამკურნალოდ მიდის. ასეთი პირობების შექმნა ჩვენ არ შეგვიძლია, ამიტომაც ისინი იქ მიდიან. და სწორადაც იქცევიან, ალბათ. თუმცა, ქართული მხარე გარკვეულ სამედიცინო მომსახურებას საქართველოს მოქალაქეობის მიღებას უკავშირებს და ეს ნდობის აღდგენის სამუშაოებს არ აძლიერებს. ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ამიტომ, არსებული პრობლემის გათვალისწინებით, უნდა არსებობდეს ასევე დიალოგის განსხვავებული ფორმატიც“.
„საპრეზიდენტო“ ამბიციები და პრიორიტეტები
ამავე ინტერვიუში, ბჟანიამ განაცხადა, რომ აპირებს 22 მარტის განმეორებით „საპრეზიდენტო არჩევნებში“ კენჭი იყაროს და საკუთარი პროგრამის გარშემო ოპოზიცია გააერთიანოს.
მან ასევე თქვა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში „გვაქვს კრიზისი, ღრმა კრიზისი“ და ეს „სახელმწიფო“ სტრუქტურების სისუსტით ახსნა. „ისინი [სახელმწიფო ინსტიტუტები] ბოლო პერიოდში სხვადასხვა მიზეზის გამო იშლებოდა… ადამიანებმა არ იციან როგორ უნდა მართონ, არ იციან როგორ, ან არ სურთ, რადგან მათთვის მომგებიანია, რომ ისეთი სიტუაცია არსებობდეს, რაც მათ საშუალებას აძლევს უღმერთოდ მოიპარონ, გამდიდრდნენ, სულ ერთია, რა მოტივებით. ჩვენ ჩვენი სახელმწიფოს დაშლის პირას ვართ… ჩვენმა ბევრმა ჩინოვნიკმა არ იცის, რა არის სახელმწიფო ზოგადად, მათ არ შეუძლიათ ამ ტერმინის განმარტება, მათ არ იციან, რა არის სამართალი, ჩვენ გვყავს ასეთი ხელმძღვანელები, რომელთაც არ იციან, რა არის კანონი“, – განაცხადა ბჟანიამ.
მისი აზრით, მთავარი პრობლემა „არის ქურდობა და კორუფცია, ეს იწვევს სხვა პრობლემებს, მკვლელობებს და ყველაფერს დანარჩენს. ისევ ამ ფულის გულისთვის კეთდება ეს ყველაფერი. [არსებობს ხალხი,] ვინც იცის, რაზეა საუბარი, ხალხი, რომელსაც შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება. [ისინი] იქნებიან იმ გუნდში, რომელსაც მე ჩავუდგები სათავეში. ვისაც [ეს] არ სურს, მათ გარეშეც იოლად გავალთ [ფონს]“.
ხაჯიმბა თავდაპირველად გადადგომის მოთხოვნას არ დაჰყვა, თქვა, რომ „სასამართლოს” განაჩენს გაასაჩივრებდა და ოპონენტებს მოლაპარაკების მაგიდასთან მოუხმო. 10 იანვარს რუსეთის უშიშროების მაღალჩინოსანი რაშიდ ნურგალიევი სოხუმში ჩავიდა და ჩიხიდან გამოსავლის ძიებას შეუდგა. მეტიც, ხაჯიმბა გადადგომას კვირა დილასაც არ აპირებდა, როცა აფხაზურმა „ცესკომ“ ხელახალი „არჩევნების“ თარიღად 22 მარტი დაასახელა. ნურგალიევს კვირა საღამოს, 12 იანვარს, მალე ვლადისლავ სურკოვი, რუსეთის პრეზიდენტის მაშინდელი მრჩეველიც შეუერთდა. ეს იმ დროს მოხდა, როცა პროტესტის მონაწილეებმა „პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან“, ყოფილი ქალაქკომის შენობიდან, ხაჯიმბას რეზიდენციისაკენ გადაინაცვლეს. ხაჯიმბა გადადგა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)