ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად შს მინისტრი ვახტანგ გომელაური დაინიშნა
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ვაკანტურ პოსტზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური დანიშნა და თქვა, რომ იგი ამ მოვალეობას „შეთავსებით“ შეასრულებს.
უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც დაზვერვის სამსახურის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლევან იზორიამ, რომელიც პარალელურად უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქციასაც ასრულებდა, თანამდებობა დატოვა და თქვა, რომ იგი გერმანიაში ელჩად ინიშნებოდა.
გახარიამ სიახლის შესახებ მინისტრთა კაბინეტს და მედიას დღეს გამართული მთავრობის სხდომის წინ ამცნო, გომელაურს „საპასუხისმგებლო“ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და თქვა, რომ გომელაურის „ფუნქციონალი და ძალისხმევაც იქნება გაზრდილი და უფრო ეფექტური“.
ვახტანგ გომელაური შს მინისტრის პოსტზე გასული წლის სექტემბერში, მას შემდეგ დაინიშნა, რაც ამ უწყების აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის სავარძელი მოირგო. გომელაური მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)