გორში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა

გაზ. ერთობა, 1920 წლის 21 თებერვალი, N41

დიდი მიწისძვრა

თფილისში

20 თებერვალს ღამის 3 საათზე მცხოვრებნი შიშმა მოიცვა.

პირველად ვერ გამოერკვნენ, მაგრამ როცა მიწის ძვრამ იმატა თავზარდაცემულთ ვერ მოეფიქრებინათ როგორ დაეღწიათ თავი მოსალოდნელი უბედურებისაგან.

ბევრ ადგილას სახლებში ჭერი ჩამოინგრა, მხოლოდ ადამიანის მსხვერპლი არ ყოფილა.

ფიზიკურ ობსერვატორიაში ამ დღეს რემონტის გამო სეისმოგრაფები ქვედა სართულში ყოფილა ჩატანილი და დაწვრილებით ვერ გამოარკვია ობსერვატორიამ, თუ როგორ ან რა მანძილზე მოხდა მიწის ძვრა.

გამორკვეულია მხოლოდ, რომ მიწისძვრა დაიწყო ღამის 2 საათსა და 55 წუთზე.

მიწის ძვრის  სიძლიერის გამო საათი გაჩერდა 3 ს. 1 წუთზე და 16 წამზე.

მიწის ძვრა, ობსერვატორიის ცნობით, ყოფილა დასავლეთიდან აღმოსავლეთით. რყევა ორჯერ მომხდარა. პირველად უფრო სუსტად და შემდეგ უფრო ძლიერათ, რომლის დროსაც გაჩერებულა ობსერვატორიის სამოქალაქო საათი. მიწის ძვრის ძალა ყოფილა 6-7 ნიშანი.

სააგენტოს ცნობა

თებერვლის 20-ს გორსა და მის ახლო-მახლო სოფლებს თავს დაატყდა უბედურება. დღეს თებერვლის ოცს, დილის სამ საათზე მოხდა ძლიერი მიწის ძვრა.

ქალაქ გორში დანგრეულია მრავალი შენობა. დაზიანებულია რკინის გზის შენობები. განსაკუთრებით დაზარალდა სოფელი ხიდისთავი, სადაც ბევრი სახლია დანგრეული.

ზარალი და მსხვერპლის რაოდენობა ჯერ-ჯერობით გამორკვეული არ არის.

თფილისიდან დაუყოვნებლივ გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგი პარმენ ჭიჭინაძე, რკინის გზის უფროსი, სამედიცინო პერსონალი, ინჟინრები და მრავალი მუშა.

მიწის ძვრა ძლიერ საგრძნობი ყოფილა აგრეთვე თფილისშიაც. დედა მიწის ღრვევა დაიწყო დილის სამ საათზე და რამდენჯერმე განმეორდა.

გორში

ქალაქთა კავშირის მთავარმა კომიტეტმა გაიგო რა, რომ გორში მიწის ძვრა მოხდა, დაუყონებლივ გამოიწვია პირდაპირი მავთულით გამგეობის წევრი, რომელიც შემდეგ იტყობინება:

„ქალაქი დიდათ დაზარალდა, თითქმის ყველა შენობა დაინგრა, ქალაქის გამგეობისა და სადგურის შენობები გადარჩა. ხალხი სულ მთლათ ქუჩაშია გამოფენილი. ზარალი მეტათ დიდია. არის მრავალი დაჭრილი და დახოცილი. ზარალისა და დაჭრილ-დახოცილთა რაოდენობა ჯერ გამორკვეული არაა. თხოულობენ დახმარებას“.

ამის გამო ქალაქთა კავშირმა დაუყონებლივ პირველსავე მატარებლით გააგზავნა გორში სპეციალისტი ინჟინერი და ტეხნიკოსები. მათ თან გაჰყვა მთავარი კომიტეტის აღმასრულებელი ბიუროს წევრი. საექიმო სასანიტარო დახმარების შესახებ გორი ცალკე ცნობებს მოაწვდის ქალაქთა კავშირს, რის შემდეგ ეს დახმარებაც აღმოჩენილი იქნება.

ჩვენ მიერ გორიდან მიღებული ცნობებით იქ მიწის ძვრის გამო დანგრეულია 70 სახლი; ადამიანთა მსხვერპლი დიდია; ქალაქის ხიდი და სადგური ძლიერ დაზიანებულია. დანგრეულია აგრეთვე უფლისციხის რკინის გზის სადგური. დიდი ზარალია ატენის ხეობაში და მეჯვრისხევში.