საქართველო ოქტომბრის კიბერშეტევაში რუსეთს ადანაშაულებს
საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 20 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, გასული წლის ოქტომბერში საქართველოში მომხდარი „ფართომასშტაბიანი“ კიბერშეტევა „დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ“.
„საქართველო გმობს აღნიშნულ კიბერშეტევას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს და წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის მორიგ ხელყოფას, მიმართულს ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყების განმარტებით, „მომხდარი ხაზს უსვამს ეროვნულ დონეზე კიბერუსაფრთხოების განმტკიცებისკენ საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმართული ძალისხმევის მნიშვნელობას“ და „კიდევ ერთხელ მოწმობს კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო პარტნიორობის ჩამოყალიბების აუცილებლობას“.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „საქართველო მომავალშიც გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან ეროვნულ დონეზე კიბერუსაფრთხოების გაძლიერებით მიზნით, რათა მომავალში მინიმუმამდე იქნას დაყვანილი შესაბამისი რისკები და პოტენციური საფრთხეები“. უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას „აღნიშნული ფაქტის“ სათანადო შეფასებისკენ მოუწოდებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)