აშშ და დიდი ბრიტანეთი რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას გმობენ
ამერიკის შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას გმობენ. ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ის და ბრიტანეთის საელჩოები ავრცელებენ.
აშშ-ის საელჩოს განცხადებით, 2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს („გრუ“) სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა (GTsST, ასევე ცნობილი „ქვედანაყოფი 74455“ და „ჭიაყელას“ სახელით) საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, შემაფერხებელი კიბერშეტევა განახორციელა.
- საჯარო და კერძო უწყებათა ვებგვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა
- საქართველო ოქტომბრის კიბერშეტევაში რუსეთს ადანაშაულებს
„ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და წარმოადგენს რუსეთის „გრუ“-ს მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ უპასუხისმგებლო კიბეროპერაციების უწყვეტ სქემას. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა“, – ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში.
ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოში და სხვაგან და პირობას დებს, რომ საქართველოს კიბერუსამფრთხოების გაძლიერებაში და მავნე კიბერ აქტორებთან ბრძოლაში „მხარს დაუჭერს“.
გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ინფორმაციით კი – გაერთიანებულმა სამეფომ, საქართველომ და საერთაშორისო პარტნიორებმა გამოაშკარავეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან კიბერშეტევაზეა პასუხისმგებელი.
ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრის დასკვნისა და ზოგადი კონტექსტის გათვალისწინებით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მომხდარზე პასუხისმგებლობას „გრუ“-ს აკისრებს.
„ეს კიბერშეტევები ნაწილია იმ მტრული და დესტაბილიზაციის გამომწვევი გრძელვადიანი კამპანიისა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ. გაერთიანებული სამეფო მკაფიოა იმაში, რომ „გრუ“-ს მიერ განხორციელებული ეს კიბერშეტევები არის მცდელობა შეარყიოს საქართველოს სუვერენიტეტი, დათესოს გაურკვევლობა და ზიანი მიაყენოს ქართველი ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებას“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ გაერთიანებული სამეფო „რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად“.
რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოზე განხორციელებული კობერშეტევა ასევე დაგმო ჩეხეთის რესპუბლიკამ, დანიამ, ესტონეთმა, ლიეტუვამ, ნიდერლანდებმა, ნორვეგიამ და პოლონეთმა.
დღესვე, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ კიბერშედევა „დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ“. უწყებამ საერთაშორისო თანამეგობრობას „აღნიშნული ფაქტის“ სათანადო შეფასებისკენ მოუწოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)