რუსეთი უარყოფს საქართველოს წინააღმდეგ ოქტომბრის კიბერშეტევაში მონაწილეობას
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 20 თებერვალს საქართველოს წინააღმდეგ გასული წლის ოქტომბერში კიბერშეტევის განხორციელება უარყო და აღნიშნა, რომ საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და რიგი სხვა ქვეყნების მიერ გუშინ გაჟღერებული „ბრალდებები“ მტკიცებულებას მოკლებული და „პოლიტიკურად მოტივირებულია“.
„არ არსებობს და ვერც იარსებებს რაიმე მტკიცებულება რუსეთის ოფიციალური სტრუქტურების მიერ საქართველოს ელექტრონულ ქსელებში განხორციელებულ მავნებლურ ქმედებებში მონაწილეობის თაობაზე“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ეს იყო „სინქრონიზებული პროპაგანდისტული ქმედება“ რუსეთის წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო აუარესებს „ისედაც არცთუ მარტივ ორმხრივ ურთიერთობებს“ რუსეთსა და საქართველოს შორის. „სამწუხაროა, რომ საქართველოში არ სურთ უარი თქვან რუსეთის დემონიზაციის კურსზე და გაკვეთილი ისწავლონ გასული წლის კრიზისიდან“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.
- საქართველო ოქტომბრის კიბერშეტევაში რუსეთს ადანაშაულებს
- აშშ და დიდი ბრიტანეთი რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას გმობენ
სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ „არსებული უთანხმოებების მოგვარება და ნორმალიზების პროცესის გაგრძელება რუსი და ქართველი ხალხის მთავარ ინტერესია“ და იქვე დასძინა, რომ „არსებობენ ძალები, რომელთაც ეს ხელს სრულებით არ აძლევთ“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)