ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოზე განხორციელებული კიბერშეტევის გამო შეშფოთებულია
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ხოსეპ ბორელმა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევის თაობაზე განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ „საქართველო მიზანმიმართული კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა, რამაც ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას ზიანი მიაყენა“.
განცხადება, რომელიც 21 თებერვალს გამოქვეყნდა, ხაზს უსვამს, რომ „ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები გამოხატავენ შეშფოთებას კიბერშეტევის გამო, რომელიც კიბერსივრცეში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უგულებელყოფს და ძირს უთხრის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სარგებელს, რომელიც ამ სარგებლის განვითარებას და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICTs) გამოყენებას, ასევე ინტერნეტს მოაქვს“.
ხოსეპ ბორელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს კიბერმედეგობის გასაძლიერებლად. „ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები, მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააგრძელოს და განამტკიცოს თანამშრომლობა გლობალური, ღია, სტაბილური, მშვიდობიანი და უსაფრთხო კიბერსივრცის დასამკვიდრებლად, სადაც ადამიანის უფლებები, ძირითადი თავისუფლებები და კანონის უზენაესობა სრულად იქნება დაცული“, – ნათქვამია განცხადებაში.
🇬🇪🇪🇺 Georgia was the victim of a targeted cyber-attack, causing damage to their social & economic infrastructre. The EU calls to promote and conduct responsible behaviour in cyberspace. We will continue to assist Georgia in increasing its cyber resilience https://t.co/1aQrs8p533
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) February 21, 2020
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)