მზის დაბნელება დასავლეთში, ანუ პოლიტიკური ქიმერების რწმენა ევროპაში

იან ტეჰაუ, ბერლინი, 19 თებერვალი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დასავლური ქიმერების ტაძარში – ესაა ადგილი, სადაც ხალხს შეუძლებელი სურს და არარეალურის ეიმედება.

იყო დრო, დასავლეთი გლობალური პოლიტიკის საშუალო ფენასავით იქცეოდა: იდეალები დიადი ჰქონდა, ამოცანები კი მოკრძალებული და ყველა თავდადებით მუშაობდა. დღეს იდეალები მივიწყებულია, ამოცანები – გრადიოზული, ხოლო სიზარმაცემ – განსაკუთრებით აზროვნების სიზარმაცემ – გამარჯვება იზეიმა.

სწორედ ასეთი შთაბეჭდილება შეგექმნებათ, თუკი შიშისა და ზიზღის ყოველდღიური მედია კორიანტელიდან უკან ერთი-ორ ნაბიჯს გადადგამთ და ვითარებას ცოტა შორიდან შეაფასებთ.

ამ რევოლუციებმა დაამკვიდრეს ის სტანდარტები – რაციონალობაზე დაფუძნებული თვითმმართველობა, ძალაუფლების კანონით მოწესრიგებული გადანაწილება, მართლმსაჯულების პროცედურების დაცვა, სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება – რომლებიც დიად იდეალებს კი ასახავენ, მაგრამ განსახორციელებლად ეგზომ რთულია.

დასავლურობის საზომი ის კი არაა, რამდენად უზადოდ შეესაბამება ესა თუ ის საზოგადოება ამ იდეალებს, არამედ რამდენად სერიოზულად ეკიდება ის მათ დარღვევას.

დასავლური პოლიტიკა იმ განცდით საზრდოობს, რომ ყველანი კაცნი ვართ და სრულყოფილება მიუღწეველია, ამდენად პოლიტიკის სიჯანსაღის დასავლური საზომი უმწიკვლოება კი არა, თვითსრულყოფა, შეცდომების გასწორებაა.

ამგვარ მუდმივ ადაპტაციას საფუძველი არსებული ვითარების რეალისტურმა შეფასებამ უნდა შეუქმნას. საკუთარ მიზნებს ფხიზელი თვალით უნდა შევხედოთ, შევაფასოთ, თუ რამდენად შეიძლება მათი მიღწევა იმ შესაძლებლობების, რესურსებისა სუსტი მხარეების გათვალისწინებით, რაც ამწუთას გაგვაჩნია.

დასავლეთ ევროპის საკვანძო მოთამაშეებიდან დღეს ცოტა ვინმე თუ აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს რეალისტური თვალით. თავის მოტყუება, ოცნებები და რეალობის დამახინჯება იმას იწვევს, რასაც მარქსი “გაყალბებულ ცნობიერებას” უწოდებდა.

მაგალითისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებს შევხედოთ. დღევანდელი პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკა ეფუძნება დაშვებას, რომ აშშ-ს ძალმოსილების უშრეტი წყარო ასაზრდოებს, რაც მას უკუნისამდე უძლიერეს ქვეყანად აქცევს მსოფლიოში, ქვეყნად, რომელიც ნებისმიერ კონფლიქტში გაიმარჯვებს, იმისდა მიუხედავად, თავად აირჩევს დაპირისპირების სფეროსა და ადგილს, თუ თავს სხვები მოახვევენ.

ამგვარ ქვეყანას არც წესები სჭირდება, არც ხელშეკრულებები, არც საერთაშორისო ორგანიზაციები და მრავალმხრივი ინსტიტუტები. რაც მთავარია, მას მოკავშირეებიც არ სჭირდება – მხოლოდ ვასალებით გავა იოლას.

ასეთი ქვეყნისათვის სუვერენიტეტი აბსოლუტურია და ისიც შესაბამისად ირჯება – ყოველ შემთხევაში პრეზიდენტი იქცევა ასე. უშრეტი ძალმოსილების ყალბი რწმენა დამანგრეველ პოლიტკურ ლოგიკად ყალიბდება.

თუკი ძალაუფლება ამოუწურავია, ღირებულებებიც არამყარია. თუკი ღირებულებები არამყარია, ძალა აბსოლუტად იქცევა. თუკი ძალა აღმართს ხნავს, კორუფციაც ხარობს. თუკი მოკავშირეები არ გჭირდება, მათი დამცირება არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ გამართლებადიც – მალე ისინი აღარ იქნებიან მოკავშირეები.

დიდ ქვეყნებს შორის ძალთა ბალანსისა და კონკურენციის სისტემისადმი ტრფიალი საკუთარი უშრეტი ძალემოსილების რწმენას ეფუძნება, მაგრამ სწორედ ეს რწმენა შიგნიდანვე ხრავს ამგვარ სახელმწიფოს და გარდაუვალი მარცხისაკენ მიჰყავს.

ეს ყოველივე მარტო აშშ-ს როდი ეხება, თუმცა როგორც დასავლეთის საკვანძო ქვეყანა ის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. დასავლეთის სხვა კუთხეებში სხვა ქვეყნებსაც ილუზიები საკუთარი თავის ღალატისაკენ უბიძგებს.

გერმანიას სწამს, რომ საერთო ევროპული ვალუტით შეუძლია ისე იხეიროს, რომ ამის ფასი არ გადაიხადოს. გერმანიასვე სჯერა, რომ შეიძლება დღევანდელ მსოფლიოში ძლიერი, თავისუფალი და მდიდარი ევროპა გსურდეს და მის დასაცავად ხელში იარაღის ასაღებად არ იყო მზად.

მას ასევე სჯერა, რომ გაერო მსოფლიო მშვიდობას უზრუნველყოფს. მტკიცედ სწამს, რომ საკმარისია დანარჩენი მსოფლიო ისეთივე სიქველით აღიჭურვოს როგორც გერმანია, რომ ქვეყნიერება ერთბაშად გამოკეთდება.

ჩრდილოეთ ზღვის სინგაპური?

დიდ ბრიტანეთს ამასობაში სჯერა, რომ აშშ-სთან განსაკუთრებული სიახლოვე კვლავაც ორმხრივად აკავშირებს. როგორც ჩანს, ლონდონში მართლაც გულწრფელად სწამთ, რომ ევროკავშირის რეგულაციების გამო ვერ გახდნენ ჩრდილოეთ ზღვის სინგაპური.

შეიძლება ისიც კი სჯეროდეს, რომ სინგაპურად ყოფნა კარგი ამბავია; რომ ევროკავშირს გარეთ დარჩენილი უკეთეს სავაჭრო პირობებზე დაითანხმებს სხვა ქვეყნებს; რომ ევროკავშირიდან გასვლის შედეგად მართლაც საკუთარ ხელში აიღებს საკუთარი ბედის სადავეებს.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, იმისი სჯერა რომ საფრანგეთის სახელით სათავეში ჩაუდგება ევროპას ევროს, ერთიანი თავდაცვის, ჩინეთის, და სოფლის მეურნეობის პოლიტიკის დარგებში ისე, რომ არც ბრიუსელთან დაეძაბება ურთიერთობა და არც სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკება და კომპრომისები დასჭირდება.

მაკრონის აზრით, მას რაღაც მანქანებით შეუძლია მთელ ევროპას ატომური ქოლგა ისე გადააფაროს, რომ მასზე კონტროლი არ გააზიაროს. მას რელიგიურად სჯერა ევროპის სტრატეგიული ავტონომიისა ისე, რომ ამის არანაირი საბუთი არ არსებობს.

მოძრაობას პარაკსევი მომავლისათვის (ახალგაზრდული მოძრაობა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ – რედ.), როგორც ჩანს, იმისა სჯერა, რომ 500 მილიონიანი ევროპის ეკონომიკის გარდაქმნა ისე შეიძლება, რომ პოლიტიკაში არ ჩაერიო, მხოლოდ კეთილ სურვილებსა და ახალთაობაში მსხვერპლის კულტურის წახალისებით.

ევროპის ალტ-მემარჯვენე რადიკალებს იმისი სწამთ, რომ ყველასათვის უკეთეს ცხოვრებას “სხვების” წინააღმდეგ განუწყვეტელი ბრძოლის შედეგად ააშენებენ.

ევროპის არალიბერალებსა და ნაციონალისტების რწმენით, იმ კულტურის დაცვა, რომელიც მათთვის ძვირფასია, კედლების აშენებითა და ქვეყნებს შიგნით ოპოზიციის ჩახშობით შეიძლება.

ევროპული სუპერ-ინტეგრაციის მოციქულებს იმისი სწამთ, რომ ერთიანი ევროპული რესპუბლიკის დაბადების მოწმენი ვართ, რომლის ძალითაც რაღაც მანქანებით ეროვნული უთანხმოებებისა და ნაციონალური იდენტობების დრო თავისთავად დასრულდება.

ევროკომისიის აზრით, მას გეოპოლიტიკური ძალაუფლების მოპოვება სავაჭრო ხელშეკრულებებისა და რეგულაციების გამოყენებით შეუძლია მაშინ, როცა ჯერჯერობით ვერც ერთი ევროპული სახელმწიფო იმაშიც ვერ დაარწმუნა, რომ მართლაც კარგი იქნებოდა ევროკომისიას გეოპოლიტიკური გავლენა მოეპოვებინა…

ამგვარად, ევროპული პოლიტიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა როგორც ცალკეული ქვეყნების, ისე ევროკავშირის დონეზე ილუზიები და თავის მოტყუებაა.

კონტინენტი, რომელმაც მსოფლიოს განმანათლებლობის შუქურა აჩუქა, კოლექტიურად მიუბრუნდა ზღაპრების სამყაროს, ცალკერძა მყუდროების ძიების სურვილს.

მოსკოვსა და პეკინში მოკალათებულ ლიდერებს ეს ძალიანაც აწყობთ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ევროპამ სწორედ ამ თვითდამანგრეველ გზაზე განაგრძოს სიარული.

პოლიტიკური სიბნელის ეპოქა დგას. პრაგმატიკოსების, ტვინგახსნილი იდეალისტებს, არა-ცინიკოსი რეალისტებსია და გაწონასწორებული, საკუთარი ბუმბერაზობის ილუზიის გარეშე მოქმედი ლიდერების საჭიროება მწვავედ დგას.

არარაციონალური განცდები ხშირად ცხოვრების ყველაზე მშვენიერ წამებს კი გვჩუქნის, მაგრამ პოლიტიკაში ყოვლად უმსგავსი გადაწყვეტილებებისკენ მივყავართ.

Via
EUObserver
Source
Western 'endarkenment' and the voodoo politics of Europe