საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდიას მიმართ დავით სარალიძის ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით მკვლელობის საქმეზე 25 თებერვალს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და სასჯელის საბოლოო სახედ მას 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
„2017 წლის 1 დეკემბერს ფიზიკური დაპირისპირებისას მ. კ.-მ სხვა პირთან ერთად წინასწარი შეცნობით, თანნაქონი ბასრი საგნის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით სხეულის სხვადასხვა ადგილზე ჭრილობები მიაყენა არასრულწლოვან დ. ს.-ს, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა“, – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ განაჩენის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრება ერთი თვის ვადაშია შესაძლებელი.
თავად კალანდია წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და მსჯავრდებულის უდანაშაულობაზე საუბრობენ მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრებიც და ამბობენ, რომ ოჯახი „დანენებას არ აპირებს“ და განაჩენის ზემო ინსტანციებში გასაჩივრების შემდეგ, საქმეს სტრასბურგის სასამართლოში წაიღებენ.
„ჯოჯოხეთში რომ მომიწიოს ჩასვლა, ჩავალ და სხვებსაც წავიყოლებ, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემი შვილის დაპატიმრებაში… გადაწყვეტილება არის პოლიტიკური“, – უთხრა ჟურნალისტებს მიხეილ კალანდიას მამამ თენგიზ კალანდიამ. „გამოძიება ვერ წაიყვანეს ისე, რომ ჭეშმარიტება დაედგინათ, ყველაზე დაბალი ღობე მე მნახეს, რომელსაც არც ფული გვაქვს და არც ნაცნობობა და ჩვენ გაგვწირეს, ყველაზე ადვილად ჩვენზე ხელის შეხოცვა იყო“, – განმარტა მანვე.
მიხეილ კალანდიას ძმის ლუკა კალანდიას შეფასებით კი – „საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე არის არაობიექტური, მიკერძოებული, პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი“. „დღეს მოხდა ის, რომ ხელისუფლებამ დროებით შეინარჩუნა ძალაუფლება, რადგან თავიდან აირიდა ზაზა სარალიძის განაწყენება და მოსალოდნელი აქციები მიხეილ კალანდიას გამართლების შემთხვევაში“, – აღნიშნა მანვე.
საქმის პროკურორის ბესიკ ქვარცხავას განმარტებით კი, ბრალდების მიერ წარმოდგენილი იყო „არაერთი როგორც პირდაპირი, ისე ირიბი მტკიცებულება“, რომელიც მსჯავრდებულის ბრალეულობას ადასტურებდა.
„აღნიშნული განაჩენით დადასტურდა, რომ მსჯავრდებული იყო თანაამსრულებელი და ჯგუფის მეორე წევრთან ერთად მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა [და] რომ ჭრილობა ბასრი საგნის გამოყენებით დავით სარალიძეს მიაყენა მსჯავრდებულმა“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.
მოსამართლის გადაწყვეტილების მოსასმენად დღეს საქალაქო სასამართლოში მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძეც მივიდა, თუმცა მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
დღესვე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ (ორგანიზაცია საქმეში დაზარალებულის უფლებებს იცავს) ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა თქვა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო „სამართლიანი“ და „სრულიად მოსალოდნელი“. იგი აწ უკვე მსჯავრდებულის მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრების მიერ დღეს სასამართლოში გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა:
„გვესმის მსჯავრდებული ნათესავების ემოციები, თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს ემოციები არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური და მუქარანარევი დაზარალებულის მისამართით. მსჯავრდებულს აქვს შესაძლებლობა [განაჩენი] გაასაჩივროს, სააპელაციო სასამართლოში, უზენაეს სასამართლოში და ასევე სტრასბურგშიც, ხოლო დაზარალებულს სამწუხაროდ ვერც საქალაქო, ვერც სააპელაციო, ვერც უზენაესი სასამართლო და ვერც სტრასბურგი ვერ გაუცოცხლებს გარდაცვლილ შვილს“.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას წინასწარი პატიმრობა 2019 წლის 6 ივნისს შეუფარდა.
აღსანიშნავია, რომ უზენაესმა სასამართლომ 2020 წლის 28 იანვარს ხორავას ქუჩის საქმეზე კიდევ ერთი მსჯავრდებულის გიორგი ჯანაშიას მიმართ, რომელიც მსჯავრს არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის უკვე იხდიდა, დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ასევე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ჯანაშიას, მხარეთა შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, სასჯელი 8 წლამდე შეუმცირდა (11 წლიდან და სამი თვიდან), საიდანაც ჯანაშია ციხეში მხოლოდ 4 წელს გაატარებს, 4 წელი კი – პირობით სასჯელად ჩაეთვლება. იგი საპატიმრო დაწესებულებას 2021 წელს დატოვებს.
რაც შეეხება ამავე საქმეზე კიდევ ერთ მსჯავრდებულს გუგა ბარბაქაძეს, უზენაესმა სასამართლომ პირველი წინა ორი ინსტანციის სასამრთლოს გადაწყვეტილებები უცვლელი დატოვა და იგი ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის ციხეში 11 წელსა და 3 თვეს გაატარებს.
ხორავას ქუჩის საქმის დეტალებისთვის გადადით ბმულზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)