ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისის ნაცვლად სტრასბურგში ჩატარდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 26 თებერვალს განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია მიმდინარე წლის მაისში თბილისის ნაცვლად სტრასბურგში ჩატარდება. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს.
ზალკალიანმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების „გულწრფელი სურვილი“ იყო, რომ ასეთი „მნიშვნელოვანი, მაღალი დონის ღონისძიება“ თბილისში გამართულიყო. თუმცა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პირობებში, საქართველოს უნდა უზრუნველეყო ყველა წევრის, მათ შორის, რუსეთის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში. ოკუპანტი ქვეყნის დელეგაციის შესაძლო ვიზიტს თბილისში სავარაუდოდ ქუჩის აქციები მოჰყვებოდა.
თბილისში საპროტესტო აქციები 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა. მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ აქცია ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 30-ზე მეტი ჟურნალისტი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)