ოპოზიციასა და ოცნებას შორის საარჩევნო სისტემაზე არაოფიციალური კონსულტაციები გრძელდება
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შემდეგ, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო სისტემაზე კონსენსუსის მისაღწევად, დღეს არაოფიციალურ შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის ელჩმა უმასპინძლა.
ეს ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების უკვე მეორე მცდელობაა მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ ქართულ ოცნებასთან კონსულტაციების შეწყვეტის შესახებ განაცხადა და მიზეზად ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაპატიმრება დაასახელა.
დღევანდელი შეხვედრა პირველმა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დატოვა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქართულმა ოცნებამ ოპონენტებს საპარლამენტო არჩევნების 110/40-ზე მოდელით ჩატარება შესთავაზა. ვაშაძემ იქვე განმარტა, რომ ეს წინადადება ოპოზიციისთვის მისაღები არ არის.
მმართველ გუნდში კი განაცხადეს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტულ რიცხვებზე არ უსაუბრიათ. ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის განმარტებით, დღევანდელი შეხვედრის მიზანი საარჩევნო სისტემის შესახებ მოლაპარაკებების გამართვა არ ყოფილა. მანვე გიორგი ვაშაძის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას 110/40-ზე ფორმულა შესთავაზა, „არასწორი“ უწოდა.
„სხვადასხვა საკითხს განვიხილავდით, მათ შორის საარჩევნო სისტემის თემას და, ბუნებრივია, რადგან ეს არ იყო მოლაპარაკების ფორმატი, ასე არ ხდებოდა, რომ ჩვენ რაღაცას ვთავაზობდით და ოპოზიცია გვპასუხობდა, ან პირიქით… ამ ფორმატის შეხვედრები ხელს შეუწყობს იმას, რომ, საბოლოო ჯამში, მოხდეს შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.
„ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი იქითკენ, რომ ჩვენ შევხვდეთ კიდევ ერთხელ და შემდეგი დიალოგის ფარგლებში მთავარი საკითხები ერთმანეთთან შევათანხმოთ. ჩვენ, როგორც ხელისუფლება, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ სამართლიან პრინციპებზე მოხდეს შეთანხმება“, – თქვა პარლამენტის თავჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის დატოვების შემდეგ.
ოპოზიციის თქმით კი, იმისათვის, რომ მმართველ გუნდთან მოლაპარაკებები განახლდეს, ოცნებამ ოპონენტების პოლიტიკური დევნა უნდა შეწყვიტოს და პროპორციულ სისტემასთან მაქსიმალურად დაახლოებული საარჩევნო მოდელი მიიღოს.
„მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ ვერანაირ არსებით გააზრებას, პირველ რიგში, ივანიშვილისგან და შემდეგ უკვე მისი სხვადასხვა პოლიტიკური სპიკერისა და კლოუნისგან, რომ შეიცვალონ პოზიცია“, – განაცხადა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის შეფასებით, სამწუხაროა, როდესაც ქართველებს უცხოელები იმისთვის გვჭირდება, რომ „ჩვენი ქვეყნის მომავალზე ვილაპარაკოთ“.
„კარგია, რომ ყველა მოწადინებულია, რომ ბოლო მცდელობა მოვახმაროთ ამ საქმეს იმიტომ, რომ საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს და იმას, თუ როგორი არჩევნები გვექნება ჩვენ“, – დასძინა მანვე.
მანამდე საარჩევნო რეფორმირების შესახებ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით ოთხი შეხვედრა გაიმართა და ყველა მათგანი შეთანხმების გარეშე დასრულდა.
მმართველი გუნდი ოპოზიციას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ასევე შერეული სისტემით ჩატარებას, თუმცა 100/50-ზე ფორმულას სთავაზობდა, რაც პროპორციული მანდატების 77-დან 100-მდე გაზრდას, ხოლო მაჟორიტარული მანდატების 73-დან 50-მდე შემცირებას გულისხმობდა.
თავის მხრივ, ოპოზიცია მმართველ გუნდს 2020 წლის არჩევნების ე.წ. 40%-იანი მოდელით ჩატარებას სთავაზობს, რაც იმას გულისხმობს, რომ პარტიას, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 40%-ს ან მეტს ვერ მოაგროვებს, პარლამენტში ერთპარტიული უმრავლესობის შექმნისა და შესაბამისად, ერთპარტიულად მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობა არ ექნება. ამის ერთ-ერთ ვარიანტად ოპოზიცია პროპორციული მანდატების 130-დე გაზრდას, ხოლო მაჟორიტარული მანდატების ოცამდე შემცირებას გულისხმობს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)