შსს-მ ზვიად კუპრავაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
კუპრავას ცემის შესახებ ინფორმაცია ფოტოსთან ერთად, გუშინ საღამოს ონლაინგამოცემა presa.ge-ს დამფუძნებელმა გიორგი კაპანაძემ გაავრცელა და თქვა, რომ „რეჟიმის ტიტუშკები“ ზვიად კუპრავას სახლთან დახვდნენ და მას „ფიზიკურად გაუსწორდნენ“.
„მანამდე ჩემთან იყო ოფისში ერთერთ სკანდალურ თემაზე, რომელიც შს მინისტრის მოადგილეს ეხება. ასევე, ხვალ იგეგმებოდა აქცია ივანიშვილის სახლთან, სადაც შუშის კოლბა საკარანტინე ადგილად, ხოლო უზურპატორი მთავარ კორონა ვირუსად უნდა გამოცხადებულიყო“, – დაწერა მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე და მომხდარ „ნაძირლობაზე“ „პერსონალური“ პასუხისმგებლობა ქართული ოცნების თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს დააკისრა.
ზვიად კუპრავამ, რომელმაც სამედიცინო დაწესებულება დღეს დატოვა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავს ორი ადამიანი დაესხა, რომლებმაც მას სახეში, სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის გაზი შეასხეს, რის შემდეგაც ე.წ. „კასტეტის“ გამოყენებით სცემეს, ბოლოს კი – თავზე ბოთლი გადაამტვრიეს. „ეს იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია, დავალება, რომელიც ამ ადამიანებმა შეასრულეს. იყო ორი ადამიანი, მათი გვარები არის – გახარია და ივანიშვილი“, – განმარტა მანვე.
კუპრავამ ისიც დასძინა, რომ მას მანქანით დიღმის მასივიდან გლდანამდე მისდევდნენ, რაც აღნიშნულ მარშრუტზე განთავსებულ 10-ზე მეტ ვიდეოკამერას დაფიქსირებული აქვს და ნების არსებობის შემთხვევაში, პოლიციას მასზე თავდამსხმელი პირების იდენტიფიცირება მარტივად შეუძლია. „თუმცა, თავიანთ თავს არავინ დასჯის და თავიანთ თავს არავინ გამოიძიებს“, – აღნიშნა მანვე.
კუპრავას ბრალდებებს დღეს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია გოლსკიმ უპასუხა და თქვა, რომ თუ დღეს ვინმეს „გამოუსადეგარი“ ზვიად კუპრავას გალახვა აძლევდა ხელს, ეს სწორედ ოპოზიციაა. „ზვიად კუპრავა არავის ახსოვს და იფიქრეს, მოდი, გავლახოთ მაინც, და ქართულ ოცნებას დავაბრალოთ“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.
ზვიად კუპრავამ საპატიმრო დაწესებულება გასული წლის ნოემბერში დატოვა. მას 2018 წლის ივნისში სასამართლოს შენობაში მოსამართლის შეურაცხყოფას ედავებოდნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)