წულუკიანი: რუსეთის ვალდებულება დეპორტირებული ქართველებისთვის კომპენსაციის გადახდის თაობაზე „უპირობოა“
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 28 თებერვალს შეაფასა მოსკოვის უარი, რომ 2006 წელს რუსეთის ხელისუფლების მიერ უკანონოდ დაკავებულ და შემდეგ კოლექტიურად გამოძევებულ საქართველოს მოქალაქეებს სათანადო კომპენსაცია გადაუხადოს. წულუკიანის თქმით, რუსეთის ვალდებულებაა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განჩინება აღასრულოს.
„რუსეთი ყველაფერს აკეთებს პროცედურულად იმისათვის, რომ 10 მილიონი ევროს ოდენობის თანხა საქართველოს არ ჩაურიცხოს. მას აქვს მხოლოდ ერთადერთი არგუმენტი დარჩენილი, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოა“, – განაცხადა წულუკიანმა და განმარტა, რომ რუსეთი საქართველოსგან ითხოვს ინფორმაციას, თუ ვისზე განაწილდება ჩარიცხული თანხა. „ჩვენ წარდგენილი გვაქვს სია, თუმცა ის ამბობს, რომ ეჭვი ეპარება, რომ ზოგიერთი ადამიანი არ არის ნამდვილად დაზარალებული“.
სტრასბურგის სასამართლომ 2014 წლის ივლისის განაჩენით დაადგინა, რომ 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაპატიმრება, დაკავება და რუსეთიდან კოლექტიური გაძევება ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა იყო.
2019 წლის იანვარში, სტრასბურგის სასამართლომ დეპორტირებული ქართველების სასარგებლოდ გადასახდელი კომპენსაციის მოცულობა მას შემდეგ განსაზღვრა, რაც რუსეთმა და საქართველომ თანხის ოდენობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
2019 წლის 31 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ რუსეთის ფედერაციას იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას უკავშირდება, 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.
7 თებერვალს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს წერილი გაუგზავნა, სადაც იმ „სერიოზულ პრობლემებზე“ საუბრობს, რომელთაც, სავარაუდოდ, შეაფერხეს რუსეთის მიერ კომპენსაციის გადახდა. რუსული მხარის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეადგინა დაზარალებულთა სია იმ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია განსაზღვრული.
შედეგად, რუსეთმა საქართველოს საბოლოო სიის წარდგენა მოსთხოვა დაზარალებულთა სრული სახელებისა და დაბადების თარიღებით, ასევე მათ მიმართ დადგენილი დარღვევებით და კომპენსაციების მოცულობით. რუსეთმა ასევე სთხოვა საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეამციროს დაზარალებულთა რაოდენობა არსებული 1795-დან 1500 პირამდე.
ქართული მედია საქართველოს იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საკითხზე 2020 წლის მარტში იმსჯელებს.
ასევე წაიკითხეთ:
- ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ქართველთა დეპორტაციის საქმეზე რუსეთს კომპენსაციის „დაუყოვნებლივ“ გადახდას მოუწოდებს
- სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს 2006 წელს ქართველების დეპორტაციის გამო 10 მლნ ევროს გადახდა დააკისრა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)