საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა გამოვლინდა.

ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა, მეორე შემთხვევა კი – 28 თებერვალს. ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა. პირველი ქვეყანაში ასევე ირანიდან აზერბაიჯანის გამოვლით შემოვიდა, ხოლო მეორე – იტალიიდან დაბრუნდა. გამყრელიძის თქმით, სამივე ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

27 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ „კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში ამოწმებენ [რისკის შემცველი] ქვეყნებიდან შემომავალ მგზავრებს, ასევე, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ხსენებულ სახელმწიფოებში“.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ირანთან საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა დროებით შეჩერებულია. ფრენები დროებით ჩინეთის მიმართულებითაც შეჩერებულია.

ამასთან, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)