საქართველო მიესალმება აშშ-ს და თალიბანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმა თალიბანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 29 თებერვალს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას, რასაც წინ უძღოდა მოლაპარაკებები ავღანეთში ხანგრძლივი კონფლიქტის დასასრულებლად. „როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი და უძველესი კონტრიბუტორი ავღანეთის მისიაში, საქართველო მიესალმება ხანგრძლივი მშვიდობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს“, – დაწერა ზურაბიშვილმა Twitter-ზე იმავე დღეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ასევე მიესალმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას და პირობა დადო, რომ საქართველო კვლავაც ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით იდგება, რათა თვალი ადევნოს შეთანხმების პირობების შესრულებას.

სამშვიდობო შეთანხმებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც მიესალმა. მისი თქმით, ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია რეგიონული და გლობალური უსაფრთხოებისთვის.

აშშ-მა და თალიბანმა შეთანხმებას დოჰაში რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ მოაწერეს ხელი. შეთანხმების ხელმოწერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ შეიარაღებულ ძალებს ავღანეთიდან ეტაპობრივად გამოიყვანს.

საქართველო ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის უმსხვილესი კონტრიბუტორია მტკიცე მხარდაჭერის მისიაში და ავღანეთში 870 ქართველი სამხედროა დისლოცირებული. 2004 წლიდან შემდეგ, ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიაში მსახურობის დროს, ჯამში 32 ქართველი სამხედრო დაიღუპა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)