სკოლის ისტორიის წიგნები პირველ რესპუბლიკაზე კვლავაც საბჭოთა პროპაგანდას მოგვითხრობს
25 თებერვალს საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დღე აღინიშნა. ამ დღეს, 1921 წელს, თბილისი საქართველოს დასაპყრობად შემოჭრილი საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის ნაწილებმა დაიკავეს. ამ დღიდან რამდენიმე კვირაში, საბჭოთა ჯარებმა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სიცოცხლე მოუსწრაფეს.
საბჭოთა მმართველობის შვიდმა ათწლეულმა ნორჩ, ევროპული განვითარების რელსებზე შემდგარ რესპუბლიკას გამოუსწორებელი დაღი დაასვა. შემდგომმა თაობებმა პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობა, როგორც საქართველოს ხანგრძლივი ისტორიის ერთ-ერთი, უმნიშვნელო ფურცელი, თაროზე დიდი ხნით შემოდეს. დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვებიდან თითქმის ოცდაათი წლის შემდეგ, დღევანდელი საქართველო თავის დღემოკლე წინაპართან, პირველ რესპუბლიკასთან გამამთლიანებელი ძაფის გაბმას ცდილობს. როგორც აღმოჩნდა – არც თუ შესაშური წარმატებით. ახალი თაობის ქართველ ისტორიკოსთა მტკიცებით, სკოლის სახელმძღვანელოებში ამ ეპოქის შესახებ მონათხრობი კვლავ გაცვეთილი საბჭოთა პროპაგანდითაა ნასაზრდოები.
შეიძლება ითქვას, ერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორია სწორედ სასკოლო სახელმძღვანელოებში ასახული ისტორიაა. სკოლის ისტორიის წიგნი მოსახლეობის უმრავლესობისთვის წარსულის შესწავლისა და გააზრებისთვის ერთადერთ საშუალებად რჩება. სახელმძღვანელოში გადმოცემული მოვლენების ანალიზი კი ხშირად საკლასო ოთახებს ტოვებს და ქვეყნის წარსულის შესახებ კოლექტიურ მეხსიერებაში ინაცვლებს.
საბჭოთა ისტორიკოსებს კარგად ესმოდათ იდეოლოგიით გამსჭვალული მატიანის შექმნის მნიშვნელობა. სახელმძღვანელოები მკითხველს პარტიის მიერ დადგენილ, ერთადერთ „სწორ“ ისტორიას მოუთხრობდნენ. საქართველოს პირველი რესპუბლიკა – დემოკრატიის ხანმოკლე, მაგრამ ბრწყინვალე ექსპერიმენტი – საბჭოთა ისტორიოგრაფიამ სამიზნეში იმთავითვე ამოიღო.
გასაკვირი არაა, რომ საბჭოთა ისტორიოგრაფიამ წითელი არმია დამპყრობლის მაგიერ საქართველოს განმათავისუფლებლად შერაცხა. არავის გახსენებია, რომ „გათავისუფლებამ“ საქართველოს მრავალი თავდადებული დამცველი შეიწირა. იმდროინდელ საბჭოთა ელიტას განსაკუთრებული, პიროვნული შუღლი ქართველი სოციალ-დემოკრატების, ერთ დროს დიდი სოციალისტური ოჯახის წევრების მიმართ ჰქონდა. თუმცა, რუს ბოლშევიკთა ავტორიტარული მისწრაფებების საპირწონედ, ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა დასავლური, პროგრესული გზა აირჩიეს და საქართველოში დიდი სახალხო მხარდაჭერითაც სარგებლობდნენ.
საბჭოთა დოგმებს უკვე დიდი ხანია ყავლი გაუვიდა. თუმცა კი არასრულად, არქივები მაინც გახსნეს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის შესწავლასაც უკვე ბევრმა ქართველმა ისტორიკოსმა მიჰყო ხელი.
„სამოქალაქო საქართველო“ შეეცადა გაერკვია, რას ეყრდნობა საბჭოთა პროპაგანდისგან აღმოცენებული მოარული მითები პირველი რესპუბლიკის შესახებ. ამისათვის ყურადღებით შევისწავლეთ, რას მოუთხრობს საქართველოს ისტორიის ორი სახელმძღვანელო მეთორმეტე კლასის მოწაფეებს პირველ რესპუბლიკასა და მის საბჭოთა ოკუპაციაზე.
პირველი წიგნი 1921 წლის თებერვალ-მარტის საბჭოთა ოკუპაციის მოვლენებს სიტყვაძუნწად მიმოიხილავს. მიუხედავად ამისა, ტექსტში სუბიექტურ მსჯელობასა და ზღვა დამახინჯებულ ფაქტს ვაწყდებით. „წამყვანი ტენდენცია საქართველოს იმდროინდელი მთავრობის კაპიტულანტურ ძალად წარმოდგენაა, რომელიც არც კი ცდილობდა შემოჭრილი მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევას“, გვითხრა ისტორიკოსმა დიმიტრი სილაქაძემ, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდს იკვლევს. სახელმძღვანელოს ავტორები აღნიშნულ სტერეოტიპს აშკარად კვერს უკრავენ, როდესაც წერენ, სამშობლოსთვის თავგანწირვა არცერთ მენშევიკ მინისტრს არ უცდიაო. მათი მტკიცებით, მთავრობამ მობილიზაცია არ გამოაცხადა და ხალხს საყოველთაო წინააღმდეგობისკენ არ მოუწოდა. ეს მაშინ, როდესაც თავდაცვის საბჭომ ომის პირველ დღეებში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, ხოლო 21 თებერვალს – 40 წლამდე მოქალაქეთა საყოველთაო მობილიზაცია. მობილიზებული ძალების ბრძოლისუუნარობის მიზეზი არა მთავრობის მიერ გულზე ხელების დაკრეფა, არამედ შეიარაღების და ამუნიციის უკმარისობა გახდა.
ავტორები (სამართლიანად) ხოტბას ასხამენ კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ მოხალისე იუნკრებს და ამბობენ, ქვეყნის თავდაცვამ ერთეული გმირების მხრებზე გადაიარაო. მართლაც, წითელ არმიასთან ბრძოლაში სამხედრო სკოლის 166 იუნკერი მონაწილეობდა, თუმცა მათ მხარდამხარ თბილისს შეიარაღებული ძალების 12 000-მდე სამხედრო მოსამსახურემ იცავდა (როგორც არმიის, ისე სახალხო გვარდიის ნაწილები). ავტორები მხოლოდ კოჯორ-ტაბახმელას შეტაკებების ეპიზოდს გამოარჩევენ, თბილისის დასაცავად წარმოებულ სხვა საბრძოლო ფრონტებს კი (ნებსით თუ უნებლიეთ) გვერდს უვლიან.
ამასთან, დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას თბილისი საკუთარი ნება-სურვილით არ დაუტოვებია, როგორც ამას სახელმძღვანელო გვიყვება. თბილისის ევაკუაცია საქართველოს მთავარსარდალმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ გადაწყვიტა. მას ამის კანონიერი უფლებაც ჰქონდა და ლოგიკაც. სამხედრო რეზერვის გარეშე დარჩენილი გენერალი ფიქრობდა, რომ შეტევის განახლების შემდეგ წითელი არმია თბილისის ალყაში მოქცევას და მთავრობისა და სამხედრო მეთაურობის დატყვევებას შეძლებდა.
სახელმძღვანელოში რესპუბლიკის ხელისუფლებას საფრანგეთში ემიგრაციისთვის გამოც ამუნათებენ. თუმცა, ავტორები უგულებელყოფენ იმ ფაქტს, რომ ქვეყნის ხელმძღვანელთა საზღვარგარეთ გამგზავრება დამფუძნებელმა კრებამ – დემოკრატიულად არჩეულმა წარმომადგენლობითმა ორგანომ – გადაწყვიტა. კრება მიიჩნევდა, რომ ემიგრაციაში ხელისუფლება ფუნქციონირების გაგრძელებას შეძლებდა. ამასთან, ემიგრირებულთა ნაწილი (მათ შორის ვალიკო ჯუღელი, სახალხო გვარდიის სარდალი თუ ბენია ჩხიკვიშვილი, დედაქალაქის დემოკრატიულად არჩეული პირველი მერი) საქართველოს მალევე დაუბრუნდა და 1924 წლის აჯანყების მომზადებაში შეიტანა წვლილი. შესაბამისი კონტექსტის მოშველიების გარეშე ხელისუფლების ქმედებების კრიტიკით ავტორები საბჭოთა ისტორიოგრაფიის მიერ დამკვიდრებულ პროპაგანდისტულ მითს იმეორებენ, რომელიც საქართველოს მთავრობას უსუსურთა და მხდალთა დაჯგუფებად წარმოადგენდა.
ავტორები სცოდავენ მაშინაც, როდესაც საბჭოთა ოკუპაციას მენშევიკთა (საქართველოს მმართველი სოციალ-დემოკრატთა პარტია) და ბოლშევიკთა (საბჭოთა რუსეთის მმართველი პარტია) შიდაპარტიულ დაპირისპირებად სახავენ. ცხადია, რომ ქართველი სოციალ-დემოკრატები და საბჭოთა ბოლშევიკები (კომუნისტები) ერთ დროს, 1903 წლამდე რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ორ ფრთას წარმოადგენდნენ თუმცა, მას შემდეგ 1918-1921 წლებამდე ბევრმა წყალმა ჩაიარა. სხვა უამრავ განსხვავებასთან ერთად, ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა დემოკრატიული, პრო-ევროპული გზა აირჩიეს, რუსეთის ბოლშევიკებმა – დიქტატურისა და ტოტალიტარიზმის. ამასთან, რუსეთის ბოლშევიკების ინტერვენციასთან დაპირისპირების დროს ქართველ სოციალ-დემოკრატებს სახელმწიფოებრივი, ეროვნული ინტერესი ამოძრავებდათ და არა – პარტიული.
მეორე სახელმძღვანელო მიმოხილული მოვლენების ფაქტობრივად უფრო ზუსტ აღწერას გვთავაზობს, თუმცა ავტორები მაინც ვერ ახერხებენ დამკვიდრებული საბჭოთა კლიშეებისგან თავის დაღწევას. 1920 წელს ნოე ჟორდანიამ საბჭოთა რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად ბოლშევიკი პატიმრები ციხიდან გაათავისუფლა და მათ საქართველოს კომუნისტური პარტიის დაფუძნების ნება დართო. თუმცა, ავტორთა მტკიცების საპირისპიროდ, ჟორდანიას ქართველი ბოლშევიკებისა და საბჭოთა დიპლომატიური კორპუსისთვის რესპუბლიკის ძირგამომთხრელი კამპანიის გასაჩაღებლად ხელები არ გაუხსნია. ქართული უშიშროების სამსახურები საბჭოთა აგენტურის ქსელს მომეტებული ძალისხმევით უმკლავდებოდნენ და 1920 წლის ბოლოსთვის ბოლშევიკთა იატაკქვეშა ორგანიზაცია წარმატებით გააუვნებლეს.
ირაკლი ირემაძე, ისტორიკოსი და „რესპუბლიკა 100“-ის კონტრიბუტორი, მიიჩნევს, რომ სახელმძღვანელოებში ფესვგამდგარი მითები მხოლოდ ისტორიული ფაქტების არცოდნას არ უნდა მივაწეროთ. მისი თქმით, იდეოლოგიური მოსაზრებების გამო პირველ რესპუბლიკას ბევრი დაუპირისპირდა. საბჭოთა აპოლოგეტები პირველი რესპუბლიკის სახით სოციალიზმის დემოკრატიულ ექსპერიმენტს უფრთხოდნენ. 1980-90-იან წლებში მომძლავრებული ეროვნული მოძრაობის მრავალი წევრი კი პირველი რესპუბლიკის ლიდერებს ბრალს არაპატრიოტულობასა და „არაქართულობაში“ სდებდნენ. ბევრი მცდელობის მიუხედავად, ქართველთა კოლექტიურ მეხსიერებაში რესპუბლიკის ხსოვნა სწორედ ამ ნარატივებმა გააფერმკრთალეს.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია მივიწყებული ისტორიააო, ამბობს სტივენ ჯონსი, ამ ეპოქის კვლევების ერთ-ერთი ფუძემდებელი. წარსულის ეს დავიწყებული ფურცლები სულ უფრო მეტი ახალგაზრდას უღვივებს ინტერესს. ნათელია, რომ რესპუბლიკა ხელახალ – საბჭოთა მითებისგან დაცლილ და ფაქტებზე დაფუძნებულ – შეფასებას საჭიროებს.
ამისთვის კი, ბევრ სხვა რამესთან ერთად, როგორც ჩანს, საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოების ხელახლა დაწერაცაა საჭირო.
„მეორე“ სახელმძღვანელოდ მოხსენიებულია აბდალაძე გვანცა, ახმეტელი ნატო, კუპატაძე ბონდო, მურღულაია ნიკოლოზ. ისტორია, მე-12 კლასი. დიოგენეს გამომცემლობა. პირველად დაიბეჭდა 2012 წელს.
ორივე სახელმძღვანელო გრიფირებულია საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ.
This post is also available in: English (ინგლისური)