დირიჟორ სტოლერმანის სასამართლო საქმე
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 6 მარტი, N53
სტოლერმანის საქმე
მარტის 3-ს საგანგებო სასამართლოში დაიწყო განხილვა ბატონ სტოლერმანის საქმისა, რომელსაც ბრალი ედება ცოლის მკვლელობაში. საქმის ვითარება შემდეგში იყო:
იანვრის 15-ს 1920 წელს, დილით სახელმწიფო თეატრის დირიჟორმა ქ. კიახტის მოქალაქე სამუელ ალექსანდრეს ძე სტოლერმანმა თავის ბინაზე, სასამართლოს ქუჩაზედ რევოლვერს ორი ტყვიით მოჰკლა თავისი მეუღლე ალექსანდრა ფედოტის ასული.
წინასწარი გამოძიებით გამოირკვა, რომ ბ. სტოლერმანი თავის მომავალ ცოლს გაეცნო ციმბირში, სადაც ის დირიჟორობდა, ხოლო მისი მომავალი ცოლი კი მსახიობ ქალის სასცენო კარიერას იწყებდა.
ისინი ეტრფოდნენ ერთმანეთს და რამდენიმე ხნის განმავლობაში იყვნენ ბედნიერები ურთიერთ სიყვარულით. ასე გავიდა წელიწად ნახევარი რის შემდეგ ბ. სტოლერმანმა, ალექსანდრა ფედოტის ასულის მოთხოვნით მასზედ იქორწილა, რისთვისაც მან, ებრაელმა მართლ-მადიდებლობა მიიღო. მაგრამ მათ შორის მალე იჩინა თავი უთანხმოებამ და მათი ოჯახური ბედნიერება შეირყა.
მიზეზად ამისა იყო მათი ხასიათების შეუთავსებლობა: ქმარი იყო წყნარი, მშვიდი, სუსტი ნების პატრონი, ამასთანავე სუსტი ჯანმრთელობით. ცოლი: ნების პატრონი, სავსე ძალ-ღონით.
ქმარი ნაკლები იყო ჩახედული პრაქტიკულ ცხოვრებაში, ცოლი კი მართავდა ოჯახს და ვერ ითმენდა თავის სურვილების ჩაშლას თუ აუსრულებლობას. ასეთი ურთიერთობა ჰქონდა თავის ქმართან და ასევე იქცეოდა სხვებთან. ის თავის ქმრისაგან სრულ მორჩილებას ითხოვდა, მის შემოსავალსაც ის განაგებდა. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა ბატონ სტოლერმანს მანეთი არ ჰქონია ჯიბეში.
ცოლი ერეოდა მის მუსიკალურ საქმეებში ამ ნიადაგზე ბევრი გაუგებრობა იბადებოდა. ლანძღავდა ქმარს, ეძახდა: ურიას, იდოტს და სხვა.
ერთხელ, 2-3 წლის წინედ ესსენტუკის პარკში თავის ქმარს დიდი სკანდალი შეუქმნა და ქოლგითაც გამოეკიდა საცემლად.
სტოლერმანი ეძებდა მუსიკაში არა მარტო საშუალებას, არამედ უმაღლეს ესტეტიურ ტკბობასაც. ცოლი მისი კი სულ ფულებზე ჰფიქრობდა და ერთხელ, 1919 წლის ზაფხულში მან აიძულა სტოლერმანი წაღვერიდან ტფილისს ჩამოსულიყო კონცერტის გასამართად.
ამნაირად ჰქრებოდა სიყვარული ამ ორ ადამიანში და ერთმანეთისადმი მძულვარებით იმსჭვალებოდნენ.
ორი წლის წინად სტოლერმანმა სახელმწიფო თეატრში პირველი დირიჟორის ადგილი დაიჭირა. ეს იმ ხანებში იყო როცა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა.
სტოლერმანი დიდი ყურადღებით ექცეოდა პირველ ქართულ ოპერას „აბესალომ და ეთერს“, ბევრი იშრომა მასზე, მაგრამ უფრო მეტი ენერგია შესწირა დოლიძის ქართულ კომიკურ ოპერა „ქეთო და კოტე“-ს შემუშავებას.
მოკლე ხანში მას უნდა ედირიჟორა „აბესალომ და ეთერი“-სთვის, მაგრამ ცოლი ამას წინ აღუდგა; მას სძულდა ქართული მუსიკა, უკრძალავდა ქმარს ხელში „აბესალომ და ეთერი“ აეღო და ამ ოპერას ვირის ოპერას უწოდებდა.
ერთხელ მან ქმარს განუცხადა: „თუ „აბესალომ და ეთერი“-ს პარტიტურას თავიდან არ მოიშორებ მე დაგიხევ“-ო.
ამაზედ სტოლერმანი დაემუქრა „შენ თუ დაჰხევ, მე მოგკლავ“-ო.
ერთხელ ცოლმა სტოლერმანს სახლში დიდი სკანდალი გაუმართა იმ ნიადაგზე, რომ ყველანი იმართავენ ბენეფისს, შოულობენ დიდ ფულს, და მას კი ეს არ შეუძლიან.
ამ ჩაუბის დროს, ცოლმა სტოლერმანს ხელები დაუკაწრა, შემდეგ საძილე ოთახში შევარდა, ი1იდან ბალიში გამოუგდო და ოთახი კი ჩაჰკეტა. რასაკვირველია შეურაცჰყოფილმა და დამდაბლებულმა სტოლერმანმა ვეღარ დაიძინა. მას მოაგონდა, რომ ამას წინად მან იდღესასწაულა 15 წელი თავისი ოჯახური ცხოვრებისა და იმედოვნებდა, რომ მისი ოჯახური ცხოვრება გამოსწორდება, მაგრამ არავითარი ცვლილება კი არ მოხდა.
მას ჰქონდა გატენილი სმიტის და ვესონის სისტემის რევოლვერი, ცოლის თანდასწრებით ამოიღო თეთრეულიდან და ჯიბით ატარებდა.
ამ საღამოთ, იანვრის 15-ს, სტოლერმანმა გადასწყვიტა ბოლო მოეღო ასეთ უბედურ ცხოვრებისთვის ან თითონ მოეკლა თავი ან კიდევ ცოლი ყოფილიყო მსხვერპლი და სამაგიერო ყველა მისი დამდაბლებისა და დამცირებისა. ამ ფიქრებით ტან გაუხდელმა ჩაიძინა.
დილით გაიღვიძა თუ არა, დააპირა „აბესალომ და ეთერის“ პარტიტურა გაევლო რადგან ცოლს ეძინა. გახსნა პარტიტურა, რომელშიაც რამდენიმე ფურცელი იყო ამოხეული.
ამ გარემოებამ იმდენად ააღელვა სტოლერმანი, რომ მყისვე ორჯელ ესროლა რევოლვერ მძინარე ცოლს, რითაც ის მოჰკლა. შემდეგ გამოვიდა იმ ოთახში, რომელშიც მთელი ღამე გაატარა და იქ იმყოფებოდა იქამდე სანამ მერძევე ქალმა კარები არ დაუკაკუნა ჩვეულებისამებრ, რამაც ის გამოირკვია სრულ აპატიიდან.
ის მივიდა ცოლის გვამთან, მისი ქისიდან ასი თუმანი ამოიღო, დასტოვა სახლში რევოლვერი, ჩაკეტა კარები და ქუჩაში გამოვიდა. რუსთველის ქუჩაზედ ის შეხვდა „აბესალომ და ეთერი“-ს ავტორს ზაქარია ფალიაშვილს და მას უამბო მომხდარი ამბავი.
სტოლერმანის მიერ ჩადენილი მკვლელობა განხილულია როგორც განზრახ მოფიქრებული და ბრალად აქვს დასჯ. დებ. 1 ნაწ. 1451 სტ., რომლის ძალითაც ბრალდებული უვადო კატორღით უნდა დასჯილიყო, მაგრამ სასამართლომ ის გაამართლა.