26 ევროპარლამენტარი საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო წუხილს გამოხატავს
ევროპარლამენტის 26 წევრმა ჩეხი ევროპარლამენტარის მარკეტა გრეგოროვას ხელმძღვანელობით, 5 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ერთობლივი წერილი გაუგზავნეს, სადაც ისინი წუხილს გამოთქვამენ „კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული პრინციპების კუთხით საქართველოს უკუსვლის გამო“. წერილი ევროპული საქართველოს დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა გამოაქვეყნა.
საკმაოდ მკაცრ წერილში, ევროპარლამენტარები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე არსებულ უთანხმოებაზე საუბრობენ. მათ „სინანული“ გამოთქვეს იმის გამო, რომ საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უზრუნველყოფდა, ჩავარდა. ევროპელი დეპუტატები მიესალმნენ მიმდინარე დიალოგს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის და მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეასრულოს დაპირება და პროპორციული საარჩევნო სისტემა „შემდგომი დაყოვნების გარეშე“ მიიღოს.
„ქართველი საზოგადოების მკაფიო პოლარიზაცია იმ სტატუს კვოს შედეგია, რომ არ ხდება ქართული დემოკრატიული ცხოვრების სტიმულირება“, – წერენ ევროპარლამენტარები.
მათ დაგმეს პოლიციის მიერ 2019 წლის აქციების დროს დემონსტრატების წინააღმდეგ „არაპროპორციული ძალის გამოყენება“ და დაზარალებულთა დიდი რაოდენობა. „გადაჭარბებული ძალის გამოყენება მშვიდობიანი პროტესტის დაშლის დროს მიუღებელია“, – აცხადებენ ევროპელი დეპუტატები. მათი თქმით, „სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლების კონტროლის აუცილებელი ნაწილია“.
ევროპარლამენტარებმა ყურადღება გაამახვილეს „მიუკერძოებელი, გამჭირვალე და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის“ მნიშვნელობაზე, რაც, მათი თქმით, დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტია. მათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის და უვადოდ დანიშვნის პროცესიც გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ პროცესი „მოკლებული იყო გამჭვირვალობასა და დამსახურებებზე დაფუძნებულ ობიექტურობას“. ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს საქართველოს პარლამენტს, უზრუნველყოს, რომ მოსამართლეები, რომელთა არჩევაც ჯერ არ მომხდარა, „შეესაბამებოდნენ უმაღლეს პროფესიონალურ და სარეპუტაციო სტანდარტებს“.
ევროპელმა დეპუტატებმა სასამართლო სისტემაზე პოლიტიკურ გავლენის საკითხზეც გაამახვილეს ყურადღება და მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება მოიშველიეს, სადაც ის ოპოზიციას ციხით ემუქრება და არააქტიური საქმეების განახლებას პირდება. კერძოდ, „გიგი უგულავას ბოლოდროინდელი საქმე კითხვებს აჩენს პროცედურის, დროისა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივაციის შესახებ“, წერენ ევროპარლამენტარები.
აღნიშნეს რა, რომ „საქართველო ყოველთვის იყო ჩვენი პარტნიორი ჰიბრიდულ ომთან ბრძოლაში“, ევროპარლამენტარებმა იმედგაცრუება გამოხატეს იმის გამო, რომ Facebook-ის ინფორმაციით, მთავრობა დეზინფორმაციული კამპანიის განხორციელებაში მონაწილეობდა, რაშიც „სოციალური მედიის ასობით ყალბი გვერდი და ჯგუფი იყო ჩართული“.
ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას ზემოხსენებული საკითხები „ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ გადაწყვიტოს“. „ჩვენ მზად ვართ მხარი დაგიჭიროთ ყველა დემოკრატიულ მცდელობაში და ველით საქართველო-ევროკავშირის უფრო ძლიერ პარტნიორობას მომავალში“, – ნათქვამია წერილში.
ასევე წაიკითხეთ:
- ევროკავშირი „დეტალურად ეცნობა“ უგულავას მიმართ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას
- ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას უგულავას განაჩენის გამო აკრიტიკებენ
- EPP „ძალზედ იმედგაცრუებულია“ ქართული ოცნების მიერ პოლიტიკური კრიზისების მართვით
- ევროპარლამენტარებმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები შეაფასეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)