120/30-ზე – ოპოზიცია და მმართველი გუნდი საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმდნენ
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება შედგა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე ფორმულით ჩატარდება. აღნიშნულზე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გამართული შეხვედრის შემდეგ პოლიტიკოსებმა განაცხადეს.
მმართველი გუნდი და ოპოზიცია შემდეგ პრინციპებზე შეთანხმდნენ:
- 2020 წლის ოქტომბერში ქართველი ამომრჩეველი 150 დეპუტატიდან 120-ს პროპორციული ფორმით აირჩევს (77-ის ნაცვლად), ხოლო მაჟორიტარული წესით – 30-ს (73-ის ნაცვლად).
- პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერი ერთჯერადად 1%-იანით შეიცვლება;
- აგრეთვე, დაწესდება ე.წ. 40%-იანი ჩამკეტიც, რაც გულისხმობს, რომ პარტიას, რომელიც ამომრჩევლის ხმების 40%-ს ვერ მოაგროვებს, პარლამენტში ერთპარტიულად უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა არ ექნება.
ოპოზიციის შეფასება
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ყველაფერი შეთახნმებულია“. „ვიბრძოლეთ და მივიღეთ უპირველეს ყოვლისა ის, რომ პოლიტპატიმრების საკითხი გადაწყდა ეს ჩვენთვის. აბსოლუტურად პრინციპული იყო“, – აღნიშნა მანვე და იქვე დასძინა, რომ „პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან“ და პოლიტიკური დევნისთვის „შეთითხნილი“ საქმეები გაჩერდება.
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამაც. „ახლა მთავარია, რომ ეს ყველაფერი შესრულდეს“, თქვა მან.
„მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი შესრულდება, იმიტომ, რომ ამჯერად ძალიან სერიოზული მონაწილეობით მოხდა ეს – ადგილობრივი საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის [საერთაშორისო] მეგობრების“, – განაცხადა ბოკერიამ.
„ეს არ არის ვინმეს გამარჯვება ან დამარცხება, გამარჯვებულებს და დამარცხებულებს ჩვენ დავითვლით არჩევნებზე… ეს არის გამარჯვება ქვეყნის მიმანიშნებელი იმის, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდება და არა ორთაბრძოლები ძალაუფლების მოსაპოვებლად ან შესანარჩუნებლად და ეს არის ძალიან კარგი“, – თქვა პარტია ლელო საქართველოსთვის წევრმა დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ „ეს ყველაფერი“ ქართველი საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების „თავდაუზოგავმა შრომამ“ გახადა შესაძლებელი.
საერთო ძალისხმევის მიერ გამოღებულ შედეგზე გაამახვილა ყურადღება „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემაც და დასძინა, რომ „არ უნდა მოვდუნდეთ, იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს ერთის თქმა და მეორეს გაკეთება“.
„მაგრამ ეს ის შემთხვევა არის, როდესაც დოკუმენტიც არსებობს, რომელსაც ყველამ ხელი მოვაწერეთ და ხელმოწერილ დოკუმენტს იმედი მაქვს, რომ უკან არავინ წაიღებს… დღეიდან უნდა მოვემზადოთ მძლავრი საარჩევნო კამპანიის დასაწყებად და მოქალაქეებს ვუთხრათ, რომ საქართველოს აქვს დიდი პერსპექტივა და ეს პერსპექტივა გადის ქართული ოცნების ხელისუფლებიდან გაწევაზე“, – დასძინა მანვე.
დემოკრატიული მოძრაობა-ერთანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მიღწეულ შედეგში ოპოზიციის ერთიანობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და პოლიტპატიმრების საკითხზე დღეს ხელმოწერილ მემორანდუმსაც შეეხო.
ამ კონტექსტში მან ბესიკ თამლიანის, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის საქმეები ახსენა და განმარტა, რომ მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლით, საკითხი მარტივად მოგვარდება. რაც შეეხება გიგი უგულავას, ბურჯანაძემ აქ პრეზიდენტის ხელთ არსებული შეწყალების მექანიზმი მოიშველია და თქვა, რომ „პრეზიდენტის ჩარევა უგულავას საქმეში ძალიან გაამარტივებს [პროცესს]“. „მისი ეს ნაბიჯი ძალიან შეუწყობს ხელს პოლიტიკური დაძაბულობის მოხსნას ქვეყანაში… მის რეპუტაციას ეს არანაირად არ შელახავს, პირიქით“, – დასძინა ბურჯანაძემ.
მმართველი გუნდის შეფასება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დღევანდელი შეთანხმება აჩვენებს, რომ „საქართველო ჩაატარებს კიდევ ერთ დემოკრატიულ არჩევნებს და რომ საქართველო აგრძელებს თავისი დემოკრატიის გაძლიერებას“.
„მოლაპარაკებების დასრულებით პირველ რიგში მოიგო ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა საზოგადოებამ და რაც მთავარია, ხელისუფლებამ. ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ ჩვენს მოქალაქეებს და საერთაშორისო თანამეგობრობას ვაჩვენეთ, რომ საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი და დემოკრატიული ხელისუფლება, რომლის უპირველესი პრიორიტეტი არის დემოკრატიის გაძლიერება და საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიული არჩევნების შეთავაზება, ასევე ზრუნვა ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ოთხშაბათამდე შესაბამისი კანონპროექტი მომზადდება და შემდეგ პარლამენტში მისი ინიცირება მოხდება.
რაც შეეხება პოლიტპატიმრების შესახებ მემორანდუმს, ირაკლი კობახიძემ გაიმეორა, რომ „საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან“ და რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის „ამასთან დაკავშირებით შეთანხმება არის უაღრესად ზოგადი ხასიათის“.
„ჩვენ აბსოლუტურად ვეთანხმებით იმ სულისკვეთებას, რომ არავითარი პოლიტიკური ჩარევა არ უნდა იყოს არცერთი ორგანოს მუშაობაში. ეს არის ჩვენი სულისკვეთება და ეს არის ასახული ამ განცხადებაში… ამ ჩანაწერით უზრუნველყოფილი იქნება, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავაც იმოქმედებს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის შესაბამისად“, – განმარტა მანვე.
10 თებერვალს, უზენაესი სასამართლოს მიერ გიგი უგულავასთვის პატიმრობის მისჯის შემდეგ, ოპოზიციამ მმართველ პარტიასთან მოლარაკებები შეწყვიტა. თებერვლის ბოლოსკენ უცხოელ დიპლომატთა შუამავლობით არაოფიციალურ მოლაპარაკებათა პროცესი განახლდა, რაც დღევანდელი შეთანხმებით დასრულდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)