ევროკავშირი მიესალმება საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმებას
ევროკავშირი მიესალმება მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების 120/30 ფორმულით ჩატარებას გულისხმობს (77/73-ის ნაცვლად).
- 120/30-ზე – ოპოზიცია და მმართველი გუნდი საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმდნენ
- არასამთავრობოები საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მიღწეულ შეთანხმებას მიესალმებიან
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში მთავარმა სპიკერმა პიტერ სტანომ 9 მარტს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „შეთანხმება მისასალმებელია, იგი იძლევა მნიშვნელოვან, ცხად სიგნალს ყველა პოლიტიკური [ჯგუფის] ლიდერების მხრიდან, რომ მათ სურთ საქართველოში არაჯანსაღი პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება“.
„ვულოცავთ ხელმომწერებს, მათ პირველ ადგილზე ქართველი ხალხის ინტერესები და დემოკრატიის კონსოლიდაციის [საკითხი] დააყენეს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ევროკავშირს „სწამს, რომ ყველა მხარე დაიცავს შეთანხმებას და რომ მხარს დაუჭერს მომავალ კვირებში პარლამენტში მის მიღებას, ისევე როგორც მის სამომავლო განხორციელების საქმეს“. ევროკავშირის სპიკერმა პარტიებს მოუწოდა, რომ ბოლო არჩევნების საფუძველზე ეუთო/ოდირის მიერ გაცემული რეკომენდაციები დაუყოვნებლივ და სრულად გაითვალისწინონ, რათა „მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს ქართველი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების სრული ნდობა ჰქონდეს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)