სასამართლომ გიგი უგულავას აეროპორტის ინციდენტზე დაკისრებული გირაო და შეზღუდვა გაუუქმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას, რომელიც დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე პატიმრობაში იმყოფება, გასული წლის დეკემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპროტში მომხდარი ინციდენტის გამო დაკისრებული 2 000 ლარიანი გირაო და საგამოძიებო უწყებისთვის პასპორტის ჩაბარების ვალდებულება გაუუქმა.
- სასამართლომ გიგი უგულავას გირაო შეუფარდა და ქვეყნის დატოვება შეუზღუდა
- უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო და მას პატიმრობა შეუფარდა
ამით სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელმაც განმარტა, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ უგულავასთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, მისთვის პასპორტის ჩამორთმევის აუცილებლობა აღარ არსებობს.
უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს გიგი უგულავა მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე დამნაშავედ ცნო და მას საბოლოო სასაჯელის სახედ სამი წლით, ორი თვითა და რვა დღით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად, გიგი უგულავას საპატიმროდან გათავისუფლების საკითხი მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ერთობლივი განცხადების ერთ-ერთი პირობაა. ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ შეთანხმების დროს, კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი არ ყოფილა და განცხადებაში არსებული ჩანაწერი „არის უაღრესად ზოგადი ხასიათის“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)