იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო ქადაგიძე შეარჩია
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად მოსამართლე ნინო ქადაგიძის კანდიდატურა წარუდგინა. თანამდებობაზე მის დამტკიცებას მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვეტილება 10 მარტს გამართულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად მიიღო. ნინო ქადაგიძის კანდიდატურას მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფილი გენერალური პროკურორისა და აწ უკვე უზენაეს სასამართლოს მოსამართლის შალვა თადუმაძის კანდიდატურაც იყო დასახელებული, თუმცა არჩევანი ნინო ქადაგიძეზე შეჩერდა.
სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ და მან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის არჩევის პროცესს „ფარსი“ უწოდა. „სამოქალაქო საქართველოსთან“ საუბარში დოლიძემ თქვა, რომ ის ფაქტი, რომ არჩევანი შალვა თადუმაძეზე არ გაკეთდა ბოლო პერიოდში საერთაშორისო წნეხის შედეგია. თუმცა მისივე შეფასებით, პარლამენტის მიერ თანამდებობაზე ნინო ქადაგიძის დამტკიცების შემთხვევაში, იგი უზენაესი სასამართლოს „ფორმალური“ მმართველი იქნება და ყველა პროცესს შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს.
სხდომაზე საკუთარი ბიულეტინი გააბათილა და შერჩევის პროცესში მონაწილეობა არ მიიღო იუსიტიის საბჭოს კიდევ ერთმა არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)