თბილისში თებერვლის რევოლუციისა და დამფუძნებელი კრების იუბილე საზეიმოდ აღნიშნეს
საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 14 მარტი, N59
12 მარტი ტფილისში
რუსეთის რევოლუციის სამი წლის შესრულება ტფილისის დემოკრატიამ ღირსეული დღესასწაულით აღნიშნა.
ამ დღეს მთელი რევოლუციონური ტფილისი ერთხელ კიდევ აენთო თავისუფლების ცეცხლით და თავისი ძლიერება დაადასტურა.
თუმცა ამ დღისათვის არ ყოფილა ჩვეულებრივი დიდი სამზადისი, მაგრამ საგულისხმოა ის, რომ დღესასწაული ხალხის გულში თურმე თავისთავად მზადდებოდა და 12 მარტს ჰპოვა გამოსავალი.
ტფილისი ნიშნად დღესასწაულისა წითელი დროშებით იყო მორთული. სასახლე, სამინისტროების შენობა (ყოფილი კადეტთა კორპუსი) [დღევანდელი ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – რესპუბლიკა 100-ს სარედაქციო შენიშვნა] და მუშათა სასახლე [დღევანდელი თბილისი მერიოტის შენობა – რესპუბლიკა 100-ს სარედაქციო შენიშვნა] აფერადებული იყო დროშებთან ერთად ცოცხალი ყვავილებით.
რეგულარული ჯარის ნაწილები, კოხტად დარაზმულნი, რევოლუციონური მუსიკით გამოეფინა რუსთაველის პროსპექტზე და ჩამწკრივდა მარცხენა მხარეზე.
რევოლუციონური ორგანიზაციის და პროფესიონალური კავშირების წევრები ვეებერთელა ჯგუფებად დარაზმული ეწვიენ თავის სასახლეს და დაბანაკდენ.
დრო გამოშვებით პროსპექტზე ჰქრიან დროშებით და მუშებით აყვავებული ავტომობილები და ან მოაქვთ რევოლუციონური ძლიერების ნების ყოფა.
ყველაზე მეტ ყურადღებას იპყრობს საგანგებოდ მოწყობილი ავტომობილი, რომელზედაც აღმართულია სამჭედლო-გრდემლი და შემომწკრივებული მუშები გავარვარებულ რკინას სცემენ მძლე მკლავებით კვერს და მიჰქრიან დაუსრულებლივ…
მუშათა სასახლესთან იხსნება მიტინგი, პირველად სიტყვას ამბობს სეით დევდარიანი, რომელიც ვრცლად ეხება და მოჰყავს რევოლუციის წარმოშობის და განვითარების მომენტები. მას მოჰყავს რუსეთის რევოლუციიდან ბევრი საყურადღებო ფაქტები, რამაც მიიყვანა რევოლუცია მარცხამდე რუსეთში. საქართველოში რევოლუციის მონაპოვართა გადარჩენისათვის იგი დიდის აღტაცებით იხსენიებს ჩვენი დემოკრატიის თავგანწირულობას და თავდადებას. იგი მოუწოდებს მუშებს კვლავაც თავგანწირვით დაიცონ საქართველოს თავისუფლება და არავის დაანებონ მისი განადგურება. აქვე ლაპარაკობენ სხვა ორატორებიც.
აქედან ხალხი სასახლეს ეწვია. დამფუძნებელი კრების საგანგებო სხდომა გათავდა და გაიმართა მიტინგი. ილაპარაკა ალექსანდრე ლომთათიძემ. მან ჩვეულებრივი მჭერმეტყველური მქუხარე სიტყვით ბევრს აუნთო გაციებულ სულში დაფერფლის გზაზე მდგომი რევოლუციონური ცეცხლი და აამაღლა იმედით. ილაპარაკა აგრეთვე რუსულად გვარდიის ბელადმა ვალიკო ჯუღელმა. ილაპარაკეს სხვა პარტიების წარმომადგენლებმაც. სოციალისტ-ფედერალისტებიდან აკაკი პაპავამ.
აქედან ხალხი გაემართა თავისუფლების მოედნისაკენ ნაძალადევში, სადაც გაიმართა მიტიგნი, ილაპარაკა მრავალმა ორატორმა.