რესპუბლიკის მთავრობა განაპირა კუთხეებში რეფორმებს იწყებს

გაზ. ერთობა, 1920 წლის 16 მარტი, N61

განაპირა კუთხეები

დღემდე, მთელ ჩვენ ყურადღებას, მთელ ჩვენ საქმიანობას, მთელ ჩვენ ენერგიას ითხოვდა დაიჭირავდა ცენტრალური მართვა გამგეობის განმტკიცებას და ჩამოყალიბების საკითხები. ცენტრის გამაგრება, მისი განმტკიცება, გადაჭრა ზოგადი, საერთო საკითხების, რომელზედაც დამოკიდებული იყო რესპუბლიკის „ყოფნა არ ყოფნის“ კითხვა, საშუალებას ართმევდა ჩვენ ხელმძღვანელ წრეებს სათანადო ყურადღება მიექცია განაპირა კუთხეებისათვის. დღეს, ასეა თუ ისე, გარემოება შეიცვალა, შეიცვალა იმდენად მაინც, რომ შესაძლებელი ხდება განაპირა კუთხეების საქმეებს უფრო  მეტი დრო და ყურადღება მოვანდომოთ უნდა ვაღიაროთ, რომ მდგომაროება ამ კუთხეებისა მეტად რთული და მოუწესრიგებელია. აქ თავს იყრის ათას გვარი ინტერესი, ინტრიგები, კომბინაციები, რომელთა შეთანხმება, დახსნა და უკუგდება არც ისე ადვილი საქმეა.

ფრიად საპატიო მიზეზების გამო ამ ადგილებში ჩვენ დღემდის ვერ შევსძელით შემოქმედებითი და აღმშენებლობითი მუშაობით გაგვემტკიცებია ჩვენი რესპუბლიკანური ხელის უფლება.

ამით ფართეთ სარგებლობენ ჩვენი „მტერ-მოყვარენი“, თავის აგრესიული მიზნებისათვის ადვილათ იყენებენ შექმნილ მდგომარეობას და ასე ხელს უწყობენ ისეთი პირობების შექმნას, რომელიც კიდევ უფრო ართულებს რესპუბლიკის მდგომარეობას. ამიტომ, ჩვენი მესვეურების გარდაუვალი მოვალეობაა განაპირა კუთხეების შინაურ საქმეები, რაც შეიძლება დაჩქარებით და საფუძვლიანათ მოაწესრიგოს.

მთავრობამ უკვე მიმართა ამ მხრით თავის მუშაობა და იმედი უნდა ვიქონიოთ ამ მუშაობის გაძლიერებით, გამტკიცებით, ადგილობრივ პირობებთან შეთანხმებით, განაპირა კუთხეების მდგომარეობა სულ მალე სათანადო კალაპოტში ჩადგება და რესპუბლიკის სხვა ნაწილებთან ერთად შექმნიან იმ ურყევ საფუძველს, რომელზედაც შენდება ხალხის ბატონობა და მისი კეთილდღეობა.

განი [გოგიტა ფაღავა – დამფუძნებელი კრების წევრი]