კორონავირუსის გამო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები გადაიდო
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა გაეროდან ეუთოდან და ევროკავშირიდან, ჯიჰან სულთანოღლუმ, რუდოლფ მიხალკამ და ტოივო კლაარმა კორონავირუსის გამო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს. მოლაპარაკებები 31 მარტი-1 აპრილს უნდა გამართულიყო.
16 მარტს გავრცელებულ პრესრელიზში თანათავმჯდომარეებმა განმარტეს, რომ გადაწყვეტილება „COVID-19-ის სწრაფ გავრცელებასთან დაკავშრებული გარემოებების გულდასმით გადახედვის შედეგად მიიღეს“.
„თანათავმჯდომარეები ყველა ღონეს იხმარენ, რომ შეინარჩუნონ მჭიდრო კონტაქტი და ჩართულობა მოლაპარაკებების თანამონაწილეებთან, რათა ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან ერთად, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრისთვის მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენონ“, – ვკითხულობთ რელიზში.
თანათავმჯდომარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ისინი „ყურადღებით დააკვირდებიან COVID-19-თან დაკავშირებული მოვლენების განვითარებას და უახლოეს მომავალში დისკუსიების 51-ე რაუნდის გასამართად საჭირო სამომავლო ნაბიჯებს განიხილავენ“.
ასევე წაიკითხეთ:
- ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 50-ე რაუნდი
- ინტერვიუ ტოივო კლაართან, საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელთან
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)