ბათუმის ოლქში უცხოელი აგენტები ფათურობენ
ერთობა, 1920 წლის 17 მარტი, N62
წერილი ქობულეთიდან
ბათუმის ქალაქის არჩევნებში გამარჯვებამ, ოლქის ზოგიერთ პუნქტების ჩვენი ჯარის მიერ დაჭერამ, თვით ბათუმის საკითხის ჩვენ სასარგებლოთ შემობრუნებამ, ფეხზე დააყენა ყველა ჩვენი მტრები და ინგლისის სარდლობასთან ერთად ყოველივე საშუალებას ხმარობენ აჭარლები საქართველის წინააღმდეგ აამხედრონ, რომ უარყონ მათ საქართველოს უფლებები.
ყველაზე მეტად ფათურობენ ადერბაიჯანის აგენტები. ამ დღეებში ადერბაიჯანის მთავრობამ განუცხადა ჩვენ დიპლომატიურ წარმომადგენელს ბაქოში – თითქოს მას არავითარი პრეტენზია არ აქვს ბათუმში და მის ოლქში. მაგრამ, როგორც სჩანს, ეს იყო მზაკვრული განცხადება, რომ ქართველების ყურადღება მიეძინებინათ, რომ ეს ასეა, ამტკიცებს მათი აგენტების მოქმედება, რომლებიც დადიან აჭარის სოფლებში, ახდენენ ყრილობებს და გამოაქვთ საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციები. ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ადერბეიჯანის აგენტების განკარგულებაში არის მილიონები, რომლებიც ასე უხვად იხარჯება მათ შავ აგიტაციაზე. ვიცით კუკოლისთან ხშირად იმართება თათბირი, რომელსაც ესწრებიან ადერბაიჯანის სპეციალურათ ამ მიზნისათვის ჩამოსული ოფიცრები. ყოველივე ეს ხდება ინგლისის სარდლობის თვალწინ, რაც საბუთს აძლევს ხალხს იფიქროს, რომ ადერბაიჯანის აგენტების მუშაობას ხელს უწყობს და ეხმარება ინგლისის სარდლობა. ამბობენ იმასაც. რომ ინგლისის ფულიც ბლომათ იხარჯება, რომ როგორმე ხალხის სიმპატია საქართველოსადმი შეიცვალოს. ყოველივე ეს შეუგნებელ ხალხში იწვევს ათასგვარ მითქმა-მოთქმას.
თუ რამდენათ თავხედათ იქცევიან ადერბაიჯანის აგენტები, სჩანს თუგინდ იმ ფაქტიდან, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქობულეთში.
ამ დღეებში ქობულეთში, სრულიად მოულოდნელად მოუყარეს ხალხს თავი, რომელსაც დაესწრო 250 კაცი და მიაღებინეს შემდეგი რეზოლუცია: „
1. ჩვენ უნდა განვახორციელოთ ცხოვრებაში ვილსონის პრინციპების მიხედვით თვითგამორკვევის უფლება, რა უფლებაც ჩვენ მოგვენიჭა ჩვენი სურვილის თანახმად ბრესტ-ლიტოვსკში.
2. ჩვენ პროტესტს ვაცხადებთ საქართველოს მთავრობის მიმართ, რომელიც თავის პრეტენზიას აცხადებს ქალაქ ბათუმზე და ბათუმის ოლქზე და ლამობს ბათუმის და მისი ოლქის ხალხის სურვილის წინააღმდეგ შეიერთოს.
3. ჩვენი ხალხის უმრავლესობის მტკიცე გადაწყვეტილებაა, რათა შეიქმნას ჩვენი ოლქისაგან სახელმწიფო, სახელწოდებით აჭარისტანი, რომელშიაც შევა ქალაქი ბათუმიც. ამით ჩვენ ვსწყვეტთ ყოველგვარ კავშირ იმ ქვეყნებთან, რომლებიც ცდილობენ ჩვენი ოლქის ანექსიას.
4. თუ დღემდის რამე რეზოლუცია არის მიღებული ბათუმის და მისი ოლქის შესახებ, ჩვენ უარს ვაცხადებთ ამ რეზოლუციაზე, რადგან ისინი არ ყოფილან მიღებული ხალხის სურვილისამებრ.
5. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ბათუმის და მისი ოლქის მკვიდრთა შორის უნდა მოხდეს არჩევნები და არჩეულ იქნან ჩვენი ხალხის წარმომადგენლები, რომლებიც იქნებიან აჭარის პარლამენტის წევრები.
6. ასლები ამ გადაწყვეტილებისა უნდა გადაეცეს ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორს, ყველა სახელმწიფოების მთავრობებს და აგრეტვე საზავო კონფერენციას“
ეს რეზოლუცია ცხადჰყოფს, თუ რა მუშაობას აწარმოებენ საქართველოს მტრები. აჭარის ხალხის უდიდესი ნაწილი არ თანაუგრძნობს ასეთ რეზოლუციებს, მაგრამ უბედურება იმაშია, რომ ყოველივე ეს საღდება ხალხის სახელით.
რომ ინგლისის სარდლობას სურდეს რასაკვირველია, ერთ დღეს აღიკვეთებოდა ეს შავი აგიტაცია და სხვადასხვა აგენტების თარეშს საზღვარი დაედებოდა.
ამგვარმა ავანტიურამ და ოლქის ხელოვნურმა აფორიაქებამ გააგულიან აქა-იქ მიმალული ჩეტნიკები. ამ დღეებში ისინი თავს დაესხნენ ართვინიდან ნავით მომავალ მგზავრებს ბორჩხასა და მარადიდს შუა. გაძარცვეს მგზავრები, წაართვეს საცვლებიც კი. მძიმეთ დასჭრეს ხუსეინ-ბეგ სოფოღლი.
ასე იქცევიან საქართველოს მტრები, ასეთია შედეგი მათი შავი მუშაობისა.
განაწამები აჭარის ხალხი უნდათ მოსწყვიტონ ხელოვნურად მის თანამოძმე ქრისტიან საქართველოს, შექმნან ისეთი მდგომარეობა, რომ ერთხელ კიდევ დაღვარონ საბრალო ხალხის სისხლი.
საჭიროა აჭარის შეგნებულმა ნაწილმა ყურადღება მიაქციოს ამ საბედისწერო აგიტაციას და მშვიდობიანი აჭარლების სურვილი საქართველოსთან შეერთებისა არ ჩააღჩონ უმიზნო და უმანკო სისხლში.
დანამდვილებით ვიცით, რომ ასეთი რეზოლუციების გამოსატანათ ეს შვაი აგიტატორები სხვა სოფლებსაც მოედნენ და ხალხს ატყუებენ
თუ ინგლისის სარდლობა პირადათ არაა დაინტერესებული ყველა ამაში, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის ზომებს მიიღებს ამ თავაშვებული აგენტების ასალაგმავათ. ამისათვის არც ისე დიდი ზომებია საჭირო, საკმარისია მხოლოდ სურვილი.
ქობულეთელი