საგარეო საქმეთა სამინისტრო: ყირიმის ანექსია საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყირიმის ანექსიის 6 წლისთავს ეხმიანება და აცხადებს, რომ „რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ოკუპაცია და ანექსია“ არის საერთაშორისო სამართლის „ფუნდამენტური“ ნორმებისა და პრინციპების „უხეში“ დარღვევა.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ოკუპაციას და ანექსიას და უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობას, რაც ჩვენ ქვეყანას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი“, – ვკითხულობთ საგარეო უწყების მიერ 16 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას“ და აცხადებს, რომ „ოკუპაციისა და ანექსიის ეს პრაქტიკა სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას, მშვიდობასა და სტაბილურობას“.
საგარეო უწყებისვე განმარტებით, „უმნიშვნელოვანესია, საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე და ერთიანი პოზიცია, რათა წინ აღვუდგეთ სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას და საერთაშორისო მექანიზმების ეფექტური გამოყენებით შევძლოთ მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ადგილზე“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)