გურიის ერობა რიონის ნაპირის გამაგრებას იწყებს

გაზ.საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 18 მარტი, N62

გურიის სამაზრო ერობაში

მდინარე რიონის მარცხენა ნაპირის გამაგრების საქმე

როგორც ამას წინადაც ვსწერდით, გურიის სამაზრო ერობა უკვე შეუდგა მდინარე რიონის მარცხენა ნაპირის გამაგრებაზე მუშაობას. აგრეტვე თვეზე მეტია, რაც ამ საქმისთვის საჭირო ორგანიზაციას აწყობს ის კომისია, რომელიც ამ საქმის სახლემძღვანელოთ შესდგა ერობის გამგეობის წევრის კალე ქავთარაძის (პარლამენტის ყოფილი წევრი – რესპუბლიკა 100-ს სარედაქციო შენიშვნა) თავმჯდომარეობით და რიონის მარცხენა ნაპირზე გაშენებულ თემთა და აგრეთვე ქალაქ ლანჩხუთის წარმომადგენლობის წევრობით. ამ კომისიის დადგენილებით რიონის ზოლში არსებულ თემების ყველა მოქალაქე ვალდებულია რიონის ნაპირების გასამაგრებლათ უფასოთ იმუშაოს, თვითეულმა 7-7 დღე; ვინც განთავისუფლებული იქნება ამ ნატურალური ბეგარისაგან სხვა და სხვა მიზეზების გამო, იხდის ათას მანეთს. შეკრებილი ფულით უნდა დაქირავებული იქნას მუშების – განსაკუთრებით სვანები. მუშაობა ევალება აგრეთვე შორეული თემების იმ მაცხოვრებელთაც, რომლებიც ყანობენ რიონის ნაპირას; მუშას თან მიაქვს საყოფი სურსათი, ადგილობრივათ მოეწყო მუშებისათვის ბინა. გაიხსნა საფერშლო პუნქტი და აფთიაქი; მოწვეულია ხუთი მეთვალყურე, ერთი სამეურნეო ნაწილის გამგე – თანაშემწით, შეძენილი იქნა საჭირო ბარები, საზიდები და სხვა ხელსაწყო.

თემები სიამოვნებით შეეგებნენ ამ საქმეს ყოველგვარ დახმარებას უწევენ კომისიას.

ჩიბათის თემმა შეაგროვა400 მუშა, ნიგოითმა – 500, შუხუთმა – 400, ლანჩხუთმა – 800 და სხვა.

მუშაობა დაიწყო 8 ამ თვეს, მუშები დაყოფილია ცალკ-ცალკე რაზმებათ, თვითეული რაზმი მიჩნეულ ნაკვეთში მუშაობს. სპეციალისტების დასკვნის თანახმად კომისია არ კმაყოფილდება მარტო დამბების გაკეთება-მოგვარებით, არამედ გადაწყვეტილია ახალ ადგილას ახალი კალაპოტის გაჭრა, რომ რიონის მიმდინარეობას პირდაპირი მიმართულება მიეცეს. ბევრი ძნელი და ჩვენი ხალხისთვის უჩვევი სამუშაოს გაწევა იქნება საჭირო, ამიტომ კომისიამ გადასწყვიტა სვანების დაქირავება საძნელო მუშაობის შესასრულებლათ.

გურიის ერობის გამგეობა, გარდა იმისა, რომ ხელმძღვანელობს მთელ ამ მუშაობას, აწყობს თემებში ორგანიზაციებს და კიდევაც გამოყავს ხალხი ნატურალური ბეგარის მოსახდელათ – შავი სამუშაოს შესასრულებლათ სრულიად უფასოთ, მატერიალურ ხარჯსაც სწევს თავისი სალაროდან, მაგალითად საგზო, ორგანიზაციის მოსაწყობი და სხვა ხარჯების თვით იღებს.

ერობის გამგეობის დღის წესრიგშია აგრეთვე დასმული საკითხი – ამ საქმეზე ერობის კასიდან ჯერ-ჯერობით 100 000 მანეთის გადადების შესახებ.

მიუხედავათ ამისა, დამფუძნებელი კრების დეკრეტის თანახმად ამ საქმისთვის გადადებული 500 000 მანეთი ეძლევა ლანჩხუთის ქალაქის გამგეობას. ეს დიდ გაუგებრობას იწვევს ადგილობრივათ. რაშია საქმე? რით აიხსნება ეს? უნდობლათ, თუ სხვა რაიმე მიზეზით? აუცილებლათ საჭიროა ამის დაჩქარებით გარკვევა, რომ დაწყებული დიდი და საშვილიშვილო საქმის მუშაობა არ შეფერხდეს.

ხუსეინი.