პარლამენტმა საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მომუშავე საკონსტიტუციო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა 114 ხმით არცერთის წინააღმდეგ, 17 მარტს გამართულ პლენარულ სხდომაზე საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მომუშავე კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა.
საპარლამენტო საქმიანობისადმი ბოიკოტის მიუხედავად, „საკითხის მნიშვნელობიდან“ გამომდინარე, დღევანდელ კენჭისყრაში, ერთჯერადად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატებმაც მიიღეს მონაწილეობა და კომისიის შექმნას მხარი დაუჭირეს.
„ჩვენ ერთი დღით გამოვდივართ ბოიკოტის რეჟიმიდან, ვინაიდან წესიერად და პირნათლად შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები, რომელიც არის შეთანხმების ნაწილი და რომელიც ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი მხარდაჭერას”, – უთხრა ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა რომან გოცირიძემ.
„ევროპული საქართველო, მიუხედავად ბოიკოტისა, დღეს კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს და ხმას მივცემთ კომისიის შექმნას, ზუსტად იმაზე გათვლით, რომ ხელისუფლება ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ პუნქტებს შეასრულებს”, – განაცხადა ევროპული საქართველოს დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
კომისიის შემადგენლობა დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა გააცნო. 9 წევრიანი კომისიის შემადგენლობაში არიან:
- არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის თავმჯდომარე;
- მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი;
- ირაკლი კობახიძე – ქართული ოცნება;
- თინა ბოკუჩავა – ერთანი ნაციონალური მოძრაობა;
- სერგი კაპანაძე – ევრუპული საქართველო;
- ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი;
- მარიამ ჯაში – ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“;
- თენგიზ შარმანაშვილი – პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი;
- თორნიკე ჭეიშვილი – პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი.
კომისიამ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვების ორგანიზება უნდა უზრუნველყოს.
კომისიის პირველი სხდომა დღესვე გაიმართა. სხდომაზე კომისიის მუშაობის გრაფიკსა და ფორმატზე იმსჯელეს. კომისიის წევრები შეთანხმდნენ, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების გამო, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა სატელევიზიო ფორმატში გაიმართება. ამისთვის კომისია „საზოგადოებრივ მაუწყებელსა და „აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ შესაბამის კონსულტაციებს გამართავს.
კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობა 120 დეპუტატს პროპორციული წესით, ხოლო 30-ს კი – მაჟორიტარული წესით აირჩევს. ამასთან, ერთჯერადად შეიცვლება 5%-იანი საარჩევნო ბარიერიც და ის 1% გახდება.
ქართული ოცნების მიერ, გასული წლის ნოემბერში, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმება 8 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გამართული შეხვედრის დროს მოხდა. შეთანხმებას წინ მმართველ გუნდსა და ოპოზიცას შორის ოფიციალური და არაოფიციალური შეხვედრების რამდენიმე რაუნდი უძღოდა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)