ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 9%-ზე დატოვა
COVID-19-ის პანდემიის ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 18 მარტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი კვლავ არ შეიცვალა და 9% დარჩა.
სებ-ის განმარტებით, იანვარ-თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 6.4 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ბანკის განმარტებით, კომიტეტის წინა სხდომაზე არსებული პროგნოზებით მოსალოდნელი იყო, რომ ინფლაცია წლის დარჩენილ პერიოდში შემცირდებოდა და ეტაპობრივად მიზნობრივ დონეს დაუბრუნდებოდა. „აღნიშნული შეფასება გარკვეული პერიოდის განმავლობაში მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებას ითვალისწინებდა“, – განმარტავენ ეროვნულ ბანკში.
„თუმცა, კორონავირუსის პანდემიისა და მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის ფონზე, ეკონომიკური გაურკვევლობა გლობალურად მნიშვნელოვნად გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპები შენელდება როგორც ჩვენ სავაჭრო პარტნიორებში, ისე საქართველოში, რის გამოც ამ ეტაპზე არსებული მონაცემების საფუძველზე, ზუსტი შეფასებების გაკეთება შეუძლებელია“, – ვკითხულობთ სებ-ის განცხადებაში.
სებ-ში ასევე დასძენენ, რომ „იმ შემთხვევაში, თუ ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას განიხილავს“.
„თუ საგარეო და შიდა მოთხოვნის შემცირება იმდენად ძლიერი და გრძელვადიანი იქნება, რომ, კურსის გაუფასურების მიუხედავად, ინფლაციაზე დაღმავალ ზეწოლას შექმნის, ეროვნული ბანკი მზად იქნება დაიწყოს მონეტარული პოლიტიკის შერბილება“, – განმარტავენ სებ-ში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 29 აპრილს ჩატარდება. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტი რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესაძლებლობასაც განიხილავს.
ასევე წაიკითხეთ:
- ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა
- ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე გაზარდა
- ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-მდე გაზარდა
- ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე გაზარდა
- ეროვნული ბანკის ჩარევამ ლარი მცირედით გაამყარა
- ლარი დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმზეა
- ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5%-ზე დატოვა
- ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 6.75 %-მდე შეამცირა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)