იტალიის მისია ბათუმის ოლქის საქართველოსთან შეერთებას ემხრობა
გაზ. ერთობა, 1920 წლის 21 მარტი, N64
ახალი ამბები
იტალიის მისიის მეთაურის პოლკოვნიკი გაბბასაგან საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა შემდეგი წერილი მიიღო: ეს არის ეხლა მივიღე თქვენი ნოტა (N2222 18 მარტიდან):
გარწმუნებთ, რომ ყველა მისი დებულება დღესვე გადაცემული იქნება რადიოთი იტალიის მთავრობისადმი. სწორედ გუშინ, როდესაც მე უკვე ვბრუნდებოდი ბათომიდან, რადიოთი შევატყობინე ჩემს მთავრობას და ვაცნობე ქართველი ერის სულიერი მდგომარეობა ამ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მიიღო ანტანტის უმაღლესმა საბჭომ ბათუმის გამო, მე ვსთხოვდი სასწრაფოდ ეცნობებინათ ჩემთვის არა მარტო ქალაქის, არამედ მთელი ოლქის ბედის მომავალიც. მე ვსარგებლობ შემთხვევით, რომ გაცნობოთ თქვენ ჩემი პირადი აზრი, რომელიც კარგათ იცით იტალიის მეფის მთავრობამ, რომ ბათომის მთელი ოლქი ქალაქთან ერთად უნდა გადაეცეს საქართველოს მხოლოდ იმ გარანტიით, რომ განსაზღვრულ დროის განმავლობაში იქნება განსაკუთრებული მართველობა და ნავთსადგურით ისარგებლებს, რომლებიც ამით დაინტერესებულნი არიან, უპირველესად ყოვლისა, სამმა ამიერ კავკასიის ერმა. ვალდებულად ვრაცხავ თავს დავსძინო, რომ საკითხის ასე გადაჭრა ფრიად ხელსაყრელი იქნება თვით საქართველოსთვის, თუ მივიღებთ მხედველობაში განსაკუთრებულ მდგომარეობას ფოთის და ბათუმის ნათსადგურებისა ბალშევიკების ოკუპაციის გამო, შვაი ზღვის ჩრდილოეთ ნაპირების მხრიდან, ოკუპაცია, რომელიც მოკლე ხანში შემოაღწევს ნოვოროსიისკს და ტუაპსეს. მე გადავიკითხე დენონანკურის ცნობა და ვაცხადებ, რომ მე ვერ ვიპოვე ვერავითარი წინააღმდეგობა იმ ცნობასთან შედარებით, რომელიც მე თვით პატივი მქონდა თქვენთვის გამომეგზავნა 9 მარტს; ბატონ უორდროპის ტექსტში მე ავღნიშნე: „სიტყვა-„ჯერ-ჯერობით“, რომელიც გვითითებს, ჩემის აზრით, მიღებულ გადაწყვეტილების დროებით ხასიათზე, ამის შესახებ შევეკითხები იტალიის მეფის მთავრობას, რათა საჭირო ცნობები მომაწოდოს“.