პრემიერმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის პრეზიდენტს მიმართა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 21 მარტის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, გიორგი გახარიამ განმარტა, რომ საქართველოს მთავრობამ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთი თვით – 2020 წლის 21 აპრილამდე, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა.
პრემიერმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ „ამ ეტაპზე ქვეყანა გადადის ვირუსის გავრცელების შემდგომ – შიდა გავრცელების ეტაპზე, რომელიც მოითხოვს დამატებით და განსაკუთრებულ ზომებს, როგორც მთავრობის, ისე ბიზნესისა და საზოგადოების მხრიდან“.
გახარიას განმარტებით, საგანგებო მდგომარეობა მთავრობას შემდეგ შესაძლებლობებს აძლევს:
- იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევისთვის პირი იძულებით იქნას გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში, წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები;
- საერთშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვისა;
- დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმის წარმოების განსხვავებული წესები და ვადები;
- საქართველოს მთავრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში საკარანტინო, საიზოლაციო, სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენეს ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები;
- იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა;
- მთავრობას ექნება უფლება, კერძო ორგანიზაციების, ბიზნესსტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტულ საქმიანობის განხორციელება;
- აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურეობასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას;
- მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესებისგან განსხვევებულ წესებსა და პირობებს, საჭიროების შემთხვევში, მთავრობა შეძლებს მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზებება;
- საქართველოს სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად.
პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს“, მათ შორის ეკლესიასაც. „საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა“, – განაცხადა განმარტა მანვე.
„ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს: ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის – 15 000 ლარის ოდენობით; იგივე ქმედება განმეორებით გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით. სამართალდამცავმა ორგანოებმა საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილი რეჟიმის დაცვის მიზნით უნდა გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები”.
პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა არ ეხება მედიას. „მედიის მიმართ ერთადერთი მოთხოვნა ქნება დავიცვათ პირადი უსაფრთხოება, დავიცვათ და ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე, სხვა შეზღუდვები მედიას არ ექნება“, – აღნიშნა მანვე.
რაც შეეხება გადაადგილების თავისუფლებას, გიორგი გახრიამ განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით, ის ნაწილობრივ უკვე შეზღუდულია და ამ ეტაპზე კომენდანტის საათი და მძიმე საკარანტინო მოთხოვნები არ დგინდება. მისივე განმარტებით, არ შეიზღუდება ტრანსპორტით გადაადგილებაც.
პრემიერი ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც შეეხო და თქვა, რომ ყველა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი გაგრძელდება და „არანაირი შეზღუდვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს არ შეეხება“. „ამ ეტაპზე ამის აუცილებლობას ჩვენ ვერ ვხედავთ“, – დასძინა გახარიამ. მანვე ბიუჯეტის საკითხზეც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს მთავრობა საგანგებო ბიუჯეტის შექმნის უფლებასაც მოითხოვს.
პრეზიდენტის განცხადება
პრემიერის მიმართვას დღესვე საგანგებო განცხადებით უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და განმარტა: „კორონავირუსის მასობრივი გავრცელებისა და მზარდი გამოწვევიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიისათვის მზაობის გათვალისწინებით და იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს საზოგადოების წინაშე თავისი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულება – ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და მოსალოდნელი საფრთხის შემცირება – პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე“.
ზურაბიშვილმა იქვე დასძინა, რომ გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე იმოქმედებს. „ყველასათვის გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შეზღუდვები შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარეობს“, – განმარტა პრეზიდენტმა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)