კორონავირუსის შვიდი გაკვეთილი ევროპისათვის

კოვიდ-19-ით გამოწვეული ვითარება საფუძვლიანად შეცვლის ევროკავშირის დამოკიდებულებას კრიზისებისადმი, წერს ივან კრასტევი საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოსათვის დაწერილ სტატიაში.


მართლაც უცნაურ დროში ვცხოვრობთ. არ ვიცით, როდის დასრულდება პანდემია; არ ვიცით, თუ როგორ დასრულდება ის; დღეისათვის, მხოლოდ მარჩიელობა შეგვიძლია ამ კრიზისით მოტანილი პოლიტიკური თუ ეკონომიკური შედეგების შესახებ. როგორ ყოველი კრიზისის დროს, გაურკვევლობის ბაცილაც გვიტევს. თუმცა უკვე შეგვიძლია დავასახელოთ შვიდი მიზეზი, რის გამოც დღევანდელი ვითარება წარსული კრიზისებისაგან განსხვავდება.

პირველი გაკვეთილი ისაა, რომ 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისისაგან განსხვავებით, კორონავირუსი “დიდი მთავრობის” დაბრუნების მომასწავებელი იქნება. ფინანსური კრიზისის პირველ დღეებში ბევრი ფიქრობდა, რომ ბანკებისადმი უნდობლობის ზრდა მთავრობისადმი რწმენას გაზრდიდა. ეს უცნაური არც იქნებოდა: 1929 წელს, დიდი დეპრესიის შემდეგ, მოქალაქეები მთავრობის უფრო აქტიურ ჩარევას მოითხოვდნენ საბაზრო ეკონომიკის ჩავარდნების მოსაწესრიგებლად. 1970-იან წლებში ყველაფერი პირიქით იყო, ხალხს მთავრობების ეფექტურობაში უფრო ეპარებოდა ეჭვი და თავისუფალი ბაზრისადმი ნდობა დაუბრუნდათ. 2008-2009 წლების პარადოქსი იმაშია, რომ საბაზრო სისტემისადმი უნდობლობა მთავრობის ჩარევისადმი ნდობის ზრდაში არ გამოიხატა. დღეს, კორონავირუსი მთავრობის მოქმედებებს ხელს უხსნის. მოქალაქეები სწორედ მთავრობებს ანდობენ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას, სწორედ მთავრობისაგან მოელიან საფრთხეში მყოფი ეკონომიკის გადარჩენას. მთავრობის ეფექტურობა დღეს იმით იზომება, თუ რამდენად ძალუძთ მათ ადამიანების უკვე დამკვიდრებული ყოველდღიური ცხოვრების წესის შეცვლა.

მეორე გაკვეთილი ისაა, რომ სახელმწიფო საზღვარი ინარჩუნებს თავის მისტიურ მნიშვნელობას. გასაჭირში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის საზღვრების ჩაკეტვის ინსტინქტმა იმძლავრა, რაც კრიზისის შემდეგ ევროკავშირს შიგნით ეროვნული სახელმწიფოების როლის განმტკიცებაზე მიანიშნებს. ყველა ევროპული მთავრობა ახლა ჯერ თავის მოქალაქეებზე ზრუნავს. ნორმალური ვითარებისას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ჯანდაცვის სისტემის მომსახურებისას არ განასხვავებენ თავის მოქალაქეებს კავშირის სხვა წევრების მოქალაქეებისაგან, მაგრამ კრიზისულ ვითარებაში ისინი საკუთარ მოქალაქეებს ანიჭებენ პრიორიტეტს. შესაბამისად, კორონავირუსი შიდა ევროპული, ერი-სახელმწიფოების ნიშნით ნაციონალიზმის გაძლიერებას მოიტანს, თუმცა ეს არ იქნება ეთნიკური ნაციონალიზმი. მეტიც, თავის გადასარჩენად მთავრობები არა მხოლოდ მეზობლებთან კედლების აღმართვისაკენ მოუწოდებენ მოქალაქეებს, არამედ თავად მოქალაქეებს შორისაც დგამენ ბარიერებს, თანაც ყველაზე ახლობლებს შორის.

კორონავირუსის მესამე გაკვეთილი ექსპტერტებისადმი რწმენას უკავშირდება. ფინანსურმა კრიზისმა და 2015 წლის ლტოლვილებთან დაკავშირებულმა კრიზისმა ევროპაში ექსპერტების მიმართ სკეპტიციზმი და უკმაყოფილება დაამკვიდრა. ამ განწყობამ მნიშვნელოვნად განაპირობა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში პოპულისტი პოლიტიკოსების წარმატებაც. კორონავირუსის შედეგად, სავადაუდოდ, საპირისპირო ტენდენცია განვითარდება – ადამიანებს სწამთ ექსპერტებისა და მეცნიერების, როცა კი საქმე მათსა და მათი ახლობლების სიცოცხლეს შეეხება. უკვე ნათლად ჩანს, რომ ვირუსთან ბრძოლაში ჩართული პროფესიონალები ლეგიტიმურობის მაღალი ხარისხით სარგებლობენ. პროფესიონალიზმი კვლავ “მოდაში შემოდის.”

მეოთხე გაკვეთილი სადავო კია, მაგრამ ფრიად მნიშვნელოვანი. ჩანს, კორონავირუსი გააძლიერებს ჩინეთის მთავრობის დარად მონაცემთა დიდი ბაზების ავტორიტარული მიზნით გამოყენების მიმზიდველობას. შეგვიძლია ჩინეთის მთავრობას ეპიდემიის საწყის ეტაპზე გამჭვირვალობის ნაკლებობა ვუსაყვედუროთ, მაგრამ მათი შემდგომი მოქმედების ეფექტიანობა, ჩინეთის სახელმწიფოს მიერ საკუთარი მოქალაქეების გადაადგილებასა და მოქმედებაზე კონტროლის ფრიად შთამბეჭდავი იყო. კრიზისის პირობებში, მოქალაქეები საკუთარი მთავრობის მოქმედებებს ადარებენ სხვებს. არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი ბევრს ჩინეთის მოქმედება წარმატებულად მიაჩნია, აშშ-სი კი – უნიათოდ.

მეხუთე გაკვეთილი კრიზისების მართვას ეხება. ეკონომიკური, ლტოლვილთა, ტერორისტული კრიზისების შედეგად მთავრობებმა ისწავლეს, რომ პანიკა მათი ყველაზე სახიფათო მტერია. წარმოვიდგინოთ, რომ ტერორისტული შეტევიდან გავიდა კვირები, თვეები და ხალხი კი ცხოვრების ჩვეულ რიტმს არ დაუბრუნდა, სახლებიდან გამოსვლის ეშინია. ეს ხომ ნიშნავს, რომ ტერორისტებმა საკუთარ მიზანს მიაღწიეს. იგივე შეგვეძლო გვეთქვა 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის შესახებ – ადამიანების ფართო ჯგუფების მიერ მოქმედების ჩვეული წესების შეცვლა ფრიად საზიანო გამოდგა ეკონომიკისათვის. სწორედ ამიტომ, ქვეყნების ლიდერების საერთო მიდგომა იყო სიმშვიდისაკენ მოწოდება, მოქალაქეებისათვის იმის ჩანერგვა, რომ რისკები გაზვიადებულია. კორონავირუსის კრიზისის დროს ისინი სრულიად საპირისპირო ამოცანის წინაშე აღმოჩნდნენ – მათ უნდა დაარწმუნონ მოქალაქეები, რომ რადიკალურად შეცვალონ საკუთარი ცხოვრების წესი, დარჩნენ სახლებში, შეზღუდონ საზოგადოებრივი კონტაქტები. ამას რომ მიაღწიონ, მთავრობებს სწორედ მოქალაქეების შიშებზე უწევთ საკუთარი მოქმედების აგება. პანდემიის შესაჩერებლად სწორედ პანიკის გარკვეული დოზაა საჭირო.

მეექვსე გაკვეთილი ისაა, რომ კორონავირუსი სერიოზულ გავლენას მოახდენს თაობებს შორის ურთიერთობებზე. როცა ჩვენ კლიმატის ცვლილებაზე ვსაუბრობდით, ახალგაზრდები ამუნათებდნენ უფროსებს, მომავალზე არ ფიქრობთო. კორონავირუსმა აქაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა: ახლა, როცა საზოგადოების ჭარმაგი წევრები უფრო სერიოზული საფრთხის წინაშე დგანან, უკვე მათ აშინებთ ახალგაზრდების უდარდელობა, რომელიც მოხუცებს საფრთხეს უქმნის. რაც უფრო გაგრძელდება ვირუსის მიერ გამოწვეული კრიზისი და გაიზრდება მსხვერპლი, მით უფრო გამწვავდება თაობათა შორის დაძაბულობა, რასაც პოლიტიკური შედეგებიც მოჰყვება.

მეშვიდე, და ყველაზე რთული, გაკვეთილი ისაა, რომ დადგება მომენტი, როცა მთავრობებს მოუწევთ აირჩიონ – განაგრძონ ვირუსის შეკავება, თუნდაც საკუთარი ეკონომიკის განადგურების ფასად, თუ მისაღებად მიიჩნიონ ადამიანების სიცოცხლის გაწირვა ეკონომიკის გადასარჩენად.

კოვიდ-19-ის პოლიტიკურ შედეგებზე ჯერ ნაადრევია საუბარი. თუმცა ცხადია, რომ ევროკავშირის მიდგომები სხვა კრიზისების მიმართაც შეიცვლება. ფინანსური დისციპლინა ვეღარ იქნება ევროპის მოქმედების მთავარი წესი, ვეღარც ლტოლვილებისათვის საზღვრების გახსნაზე დაასველებს ადვილად სიტყვას ვერც ერთი ევროპული მთავრობა.

ევროპული პროექტი კორონავირუსსაც გადაიტანს, თუმცა ცხადია, რომ ევროკავშირის საფუძველში ჩადებული ბევრი პრინციპი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

Via
European Center for Foreign Relations (ECFR)
Source
Seven Early Lessons from the Coronavirus