საერთაშორისო თანამეგობრობა აფხაზეთის არჩევნებსა და საქართველოს ოკუპაციის გაგრძელებას გმობს
საქართველომ და მისმა პარტნიორებმა ოკუპირებულ აფხაზეთში 22 მარტს გამართული განმეორებითი „საპრეზიდენტო არჩევნები“ დაგმეს.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერმა პეტერ სტანომ 23 მარტს განაცხადა, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც ოკუპირებულ აფხაზეთში 22 მარტს განმეორებითი „საპრეზიდენტო არჩევნები“ გაიმართა.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში“. „ევროკავშირი გააგრძელებს მის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ამ მხრივ სრულად ჩართულია“, – ნათქვამია სტანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Georgia: EU doesn't recognise so called "elections" in breakaway region of #Abkhazia & firmly supports 🇬🇪 territorial integrity & sovereignty in line w/international law. The EU will continue to pursue its policy of non-recognition and engagement. https://t.co/X7BiOq8kQF
— Peter Stano (@ExtSpoxEU) March 23, 2020
აფხაზეთის არჩევნები რამდენიმე სხვა ქვეყანამ, მათ შორის, აზერბაიჯანმა, ესტონეთმა, ლიეტუვამ, პოლონეთმა და რუმინეთმაც დაგმეს.
ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა, რომელიც ბულგარეთს, კანადას, ჩეხეთის რესპუბლიკას, ესტონეთს, ფინეთს, ირლანდიას, ლატვიას, ლიეტუვას, ნორვეგიას, პოლონეთს, რუმინეთს, შვედეთს, უკრაინას, გაერთიანებულ სამეფოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს აერთიანებს, გუშინ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ოკუპაციის გაგრძელების გამო შეშფოთებაა გამოხატული.
ჯგუფმა რუსეთს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე გადაწყვეტილების გაუქმებისკენ და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, ჯეიმს აპატურაიმ ასევე დაგმო ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ გამართული „არჩევნები“ და აღნიშნა, რომ ნატო არ აღიარებს ე.წ. არჩევნებს. „ალიანსი კვლავაც უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობს და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში“, – აღნიშნა მან.
22 მარტის განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული „საპრეზიდენტო“ არჩევნები „სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.
So-called presidential elections in #Georgia's occupied #Abkhazia region are illegal &fully contradict international law, while half mln IDPs &refugees are expelled due to ethnic cleansing, &Russian occupying power exercises effective control on ground.https://t.co/JasAsDm8cr pic.twitter.com/skthO116tJ
— MFA of Georgia (@MFAgovge) March 22, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას, „სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესაჩერებლად“. უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ ე.წ. არჩევნები „წარმოადგენს აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)