ჩრდილოეთის შავი საფრთხე წითლით იცვლება
გაზ. ერთობა, 1920 წლის 24 მარტი, N67
ჩვენ და რუსეთი
„წითელი არმია“ დღეს არა ხვალ კარზე მოგვადგება; დენიკინურ რუსეთის ნაცვლად ჩვენი მეზობელი გახდება ლენინის რუსეთი. დენიკინის მეზობლობამ ბევრი მწარე წამები დასტოვა საქართველოს დემოკრატიის მახსოვრებაში. სანამ მას ძალა შესწევდა, მისი ხმა მუდამ იმპერიალისტურათ გრგვინავდა და მუდამ მტრული, შეურიგებელი კილო მოისმოდა საქართველოს რესპუბლიკის მიმართ. დენიკინის მეზობლობა ძვირათ დაუჯდა ჩვენს სახელმწიფოს. მისი ძალების და ქონების ნახევარზე მეტი ხმარდებოდა დენიკინის შემოსევისაგან უზრუნველყოფის საქმეს, თავდაცვის ორგანიზაციას. ამით აიხსნება ის კმაყოფილება, რომლითაც ჩვენი დემოკრატია ადევნებდა თვალყურს დენიკინის ჯარების მარცხს და მის ნელ-ნელა განადგურებას. დღეს დენიკინის ჯარი, შეიძლება ითქვას, აღარ არსებობს. მის ადგილს იჭერს ლენინ-ტროცკის „წითელი არმია“. ჩვენ ჯერ-ჯერობით არ ვიცით, რა განზრახვებით მოგვადგება იგი კარს. ჩვენ, რასაკვირველია, მოხარულნი ვიქნებით კეთილმეზობლური ურთიერთობა ჩამოვაგდოთ საბჭოთა რუსეთთან ისევე, როგორც მოხარული ვიყავით კეთილ-მეზობლური განწყობილება გვქონოდა რუსეთის იმ ნაწილებთან, რომელსაც ყუბანის და თერგის რესპუბლიკები ეწოდებოდა. ყოველს თავდასხმით განზრახვებს დაშორებული ჩვენი დემოკრატიული რესპუბლიკა დღიდან თავის დაარსებისა მუდამ იმის ცდაში იყო, რომ მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონოდა ყველა სახელმწიფოებთან, მეტადრე მეზობლებთან.
ჩვენი დემოკრატია სულიერათ დანათესავებულია რუსეთის დემოკრატიასთან, რადგან მის წიაღში იშვა, და წარმოუდგენელია, რომ იგი ტრადიციული სიმპათიით არ უცქერდეს მას. მაგრამ, სამწუხაროდ, რუსი ხალხის დღევანდელი მოთავენი არ იძლევიან არავითარ იმის საბუთს, რომ მათ მოჰყავთ ჩვენსკენ თავისი „წითელი არმია“ სამეგობროთ და არა მტრულის განზრახვით. არც ის თავდასხმითი პროკლამაციები, რომლებსაც უგზავნის ჩვენს მთავრობას საბჭოთა რუსეთის გარეშე საქმეთა კომისარი ჩიჩერინი „ნოტების“ სახით, არც ის გააფთრებული, რესპუბლიკის ძირის გამომთხრელი, ჭორზე და სიყალბეზე დაფუძნებული, ყოველს პრინციპულობას მოკლებული ბრძოლა, რომელსაც აწარმოებენ ადგილობრივი ბოლშევიკები, არ გვაძლევენ იმედს, რომ საბჭოთა რუსეთი მოინდომებს ხელი აიღოს თავდასხმით გაზრახვებზე და უარს იტყვის ჩვენი რესპუბლიკის, ჩვენი ხალხის შინაურ საქმეებში ძალდატანებით ჩარევებზე, ისევე როგორც ჩვენ არ ვერევით მის შინაურ საქმეებში.
მაშასადამე, „წითელი არმიის“ მოახლოვებისას ჩვენ იმის მოლოდინში უნდა ვიყოთ, რომ ჩვენს ჩრდილო საზღვარზე არსებითად არაფერი შეიცვლება: იდგა დენიკინის შავი ჯარი, რომელსაც ჩვენდამი მტრობა ედო გულში; – ამიერიდან იქვე იდგება „წითელი არმია“, რომელსაც ისევ ისეთი ჩვენდამი მტრობა უდევს გულში. ჩვენთვის, ჩვენს დემოკრატიისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ ერთს ჯარს წინ მოუძღვოდა დენიკინი, მეორეს ტროცკი, რომ ერთი ჯარი იყო „შავი, მეორე „წითელი“. რას ვარქმევთ ჩვენ ჯარის უფროსის სახელს, ან ჯარის ფერს, თუ კი ერთიც და მეორეც ერთნაირ განადგურებას უქადის ჩვენს ერს! რას უშველის ჩვენს დემოკრატიას „წითელი“ ჯარის ფერი თუ კი ამ ჯარს ისევე ფეხქვეშ გასრესა უდევს გულში ყველა იმისა, რაც რევოლუციამ შეგვძინა, როგორც დენიკინის „შავ ჯარს“? რა განხვავებაა ჩვენთვის, დენიკინის ყაზახები დაანგრევენ ჩვენ დემოკრატიულ რესპუბლიკას, თუ ლენინის სალდათები? ჩვენთვის არაფერი იცვლება იმით, რომ კავკავში და შავი ზღვის გუბერნიაში დენიკინის ჯარს შესცვლის ლენინის ჯარი. თუ გაუვა, ლენინის „წითელი“ ჯარი დენიკინის „შავ“ ლაშქარზე უკეთესს არ დაგვაყრის.
ჩვენ შევსძელით დენიკინის შავს ლაშქარს გავმკლავებოდით წელწად-ნახევრის განმავლობაში, მიუხედავათ იმისა, რომ დენიკინი თავით ფეხებამდის შეიარაღებული იყო, მიუხედავათ იმისა, რომ მას უხვათ ეძლეოდა თოფ-იარაღი, სურსათი, ამმუნიცია, ტანკები ინგლისის სამხედრო საწყობებიდან, მიუხედავათ იმისა, რომ „ძლერ“ სახელმწიფოთა წარმომადგენელი გენერლები ჩვენ ხან გვირჩევდნენ, რომ დენიკინს დავმორჩილებოდით, ხან გვემუქრებოდენ, – ჩვენმა შეიარაღებულმა დემოკრატიამ გაუვალი კედელი აუმართა წინ დენიკინის ჯარებს და ფეხი არ გადმოადგმევინა ჩვენი რესპუბლიკის საზღვრებზე. ეს მოახერხა ჩვენმა დემოკრატიამ იმ დროს, როდესაც მას ნამდვილი ჯარი არც კი მოეპოვებოდა, როდესაც იგი სახელმწიფოებრივათ ახალ ფეხ-ადგმული იყო. შეილძება ვთქვათ, რომ ჩვენმა დემოკრატიამ მარტოდენ დემოკრატიული აღფრთოვანებით და შეგნების სიმაღლით მოიგერია ბოლომდის დენიკინის ლაშქარი.
დღეს ჩვენი მდგომარეობა გაცილებით, შედარებით უკეთესია. ჩვენ გვყავს უკვე გაწვრთნილი და მრავალ ომებში ნაცადი შეიარაღებული მუშა ხალხი – ჩვენი გვარდია, რომლის რიცხვი ბევრად აღემატება იმ რიცხვს, რომელიც დენიკინის ჯარს ებრძოდა. ჩვენ გვყავს მშვენივრათ დაწაფული, რკინის დისციპლინას შეჩვეული რეგულარული ჯარი, რომელიც დიდს შთაბეჭდილებას ახდენს თვით ევროპელ სამხედრო სპეციალისტებზე. შინაური ჩვენი მდგომარეობა გაცილებით უკეთესია დღეს, ვიდრე დენიკინის შემოსევის დროს. საგარეო მდგომაროება ჩვენი მტკიცე გახდა ჩვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობით.
ჩენ არ გვსურს ომი დენიკინის რუსეთის ალაგას მოსულ ლენინის რუსეთთან. მაგრამ თუ იგი განაგრძობს ჩვენს მიმართ თავის დაპყრობითს პოლიტიკას, თუ იგი მოინდომებს ჩვენი რესპუბლიკის ხელს შეხებას, ჩვენც განვაგრძობთ ჩვენი რესპუბლიკის დაცვას ისევ, როგორც ამას ვაწარმოებდით დენიკინის მეზობლობის ჟამს. და ეჭვი არა გვაქვს, რომ ლენინის „წითელ“ არმიის შავს განზრახვებს ისეთივე ბედი ეწევა, როგორც ეწია დენიკინის შავი ლაშქრის მოსევას.