„არა ფობიას“ ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ გამოხატული ქსენოფობიით „შეშფოთებულია“
სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“, რომელიც 11 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, შეშფოთებას გამოთქვამს „ქსენოფობიის იმ ტალღის“ გამო, რომელიც მარნეულსა და ბოლნისში კორონოვაირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის მიერ საკარანტინო ზომების გამკაცრებას მოჰყვა.
25 მარტს გავრცელებული განცხადაში არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილების შემდგომ, „საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი – სოციალურ მედიაში, გავრცელდა სიძულვილის ენის შემცველი და დისკრიმინაციის წამახალისებელი განცხადებები ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ“.
მათივე შეფასებით, „ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებული სისტემური პრობლემების გათვალისწინებით, ვირუსის გავრცელების შემდეგ გამოვლენილი ქსენოფობიური დამოკიდებულება, კიდევ უფრო მეტად აღრმავებს არსებულ გამოწვევებს და ხელს უწყობს მათ გარიყულობას“.
„მიმდინარე მოვლენების ფონზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათავისება თითოეული მოქალაქის მხრიდან და საზოგადოებრივი კონსოლიდაციის ხელშეწყობა“, – განმარტავენ უფლებადამცველები.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ისინი მოუწოდებენ:
- მედიას, საკუთარი სარედაქციო პოლიტიკის ფარგლებში, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს მათი პლატფორმების სოციალურ გვერდებზე მედიის მომხმარებლის ისეთ კომენტარებზე, რომლებიც ქსენოფობიური შინაარსისაა და კრიზისულ ვითარებაში კიდევ უფრო მეტად ახდენს საზოგადოების დაყოფას და ეთნიკური ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოქალაქეთა დისკრიმინაციას;
- პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს, გააკეთონ თანასწორობის მხარდამჭერი განცხადებები და ამით წვლილი შეიტანონ ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ ინტეგრაციაში;
- სამოქალაქო აქტივისტებს და სხვა ჯგუფებს, სოციალურ მედიაში ქსენოფობიური შინაარსის მასალების აღმოჩენის შემთხვევაში, გაასაჩივრონ ასეთი განცხადებები ფეისბუკის და ტვიტერის საზოგადოებრივი სტანდარტების შესაბამისად.
პარალელურად, იმავე ფორმით, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების მიმართ მხადაჭერას ეთნიკურად ქართველი მოქალაქეები გამოხატავენ და კაპმანიის გაფართოების მიზნით, ერთმანეთს იწვევენ. კამპანიაში საჯარო მოხელეებიც ჩაერთვნენ.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)