სახალხო გვარდიამ დარიალში შემოსული 8 000 დენიკინელი გაანიარაღა
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 27 მარტი, N69
მოხალისეთა განიარაღება
ყაზბეგი (დეპეშა). 21 მარტს, დილის 7 საათიდან ჩვენ განვაახლეთ მოხალისეთა რაზმების გამოშვება. საღამოს 6 საათზე იმათი ნაწილები უკვე გამოშვებული იყვნენ. ორი დღის განმავლობაში გამოვიდნენ: 8 ათას კაცამდე, 3 000 ცხენი, რამდენიმე ასი „პოდვოდები“, 21 საბარგო ავტომობილები, 6 სამგზავრო ავტომობილი. 13 მოტოციკლეტი და რამდენიმე ათეული აქლემი. დარიალში ჩამორთმეულია 7 000 ვინტოვკა, 150 ტყვიისმფრქვეველი, 10 ზარბაზანი, 13 პანორამა, 2 ტანკი, ახალი რადიო-სადგური და დიდძალი ტეხნიკური ქონება. გამოქცეულთ სურსათი არა აქვთ. ამინდი წახდა. ამის გამო დახეულ ნაწილთა და ლტოლვილთა მდგომარეობა ძლიერ გართულებულია. არის შემთხვევები სიცივისაგან ბავშვთა სიკვდილისა.
ჯუღელი, გურული, ყიფიანი, ფანიევი, ქარცივაძე