თეთრხალათიანი პოლიტიკოსები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან
სხვადასხვა დროში, ისევე როგორც დღეს, სახელმწიფოთა პოლიტიკურ სპექტრში იურისტები დომინირებდნენ ხოლმე. ამ მხრივ, გამონაკლისი არც საქართველოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ყოფილა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის პოლიტიკურ პარტიათა იდეოლოგიური კუთვნილებიდან თუ პოლიტიკოსთა სოციალური წარმომავლობიდან გამომდინარე, ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრში იურისტების შემდეგ პედაგოგები და ჟურნალისტები ჭარბობდნენ.
თუმცა, მაშინდელ ქართველ პოლიტიკოსთა რიგებში ექიმებსაც მრავლად შეხვდებოდით. მთავრობაში, ეროვნულ საბჭოსა და დამფუძნებელ კრებაში არაერთ ცნობილ ექიმს წააწყდებოდით. ქვემოთ რამდენიმე მათგანზე მოკლედ მოგიყვებით.
- ნიკოლოზ (პარმენ) ჭიჭინაძე (1873-1921) – პროფესიით ექიმი, სოციალ-დემოკრატი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრი. 2 წლის განმავლობაში იკავებდა შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგის პოსტს. პარმენ ჭიჭინაძე, პოლიტიკოსთა შორის, საქართველოში საბჭოთა რეჟიმის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი იყო, ის 1921 წლის გაზაფხულზე დააკავეს, ციხეში დაავადდა და 1921 წლის 30 სექტემბერს გარდაიცვალა.
2. ივანე ლორთქიფანიძე (1890-1937) – პროფესიით ექიმი, სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, სოციალისტ-რევოლუციონერი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გზათა მინისტრი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. ივანე ლორთქიფანიძე დიდ საბჭოთა ტერორს შეეწირა, დახვრიტეს 1937 წლის 14 სექტემბერს „სოციალისტ-რევოლუციონერთა კონტრრევოლუციური ცენტრის“ წევრობის ბრალდებით.
3. მინადორა ორჯონიკიძე-ტორეშელიძე (1879-1967) – პროფესიით ექიმი, ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის კურსდამთავრებული, სოციალ-დემოკრატი. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. საბჭოთა რეჟიმის მიერ მრავალჯერ რეპრესირებული.
4. კონსტანტინე გვარჯალაძე (1883-1969) – პროფესიით ექიმი, ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის კურსდამთავრებული, სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ამხანაგი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში. გარდაიცვალა პარიზში.
5. ყადირ შერვაშიძე (1887-1919) – პროფესიით ექიმი, ტარტუს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის კურსდამთავრებული, სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი. გარდაიცვალა თფილისში, სავარაუდოდ მოწამლეს ოსმალეთის სპეციალურმა სამსახურებმა.
6. ივანე გომართელი (1876-1938) – პროფესიით ექიმი, მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის კურსდამთავრებული, სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, დამფუძნებელი კრების სახალხო ჯანმრთელობის კომისიის თავმჯდომარე. დიდი საბჭოთა ტერორის დროს, 1938 წელს სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
7. იოსებ აბაკელია (1882-1938) – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის კურსდამთავრებული, სოციალისტ-რევოლუციონერი. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი. ტუბერკულოზის შესახებ არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. საქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობისა და კვლევის ხელმძღვანელი.
8. იოანეს ფაშალიდისი (1885-1968) – პროფესიით ექიმი, ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის კურსდამთავრებული, სამედიცინო განათლება ასევე მიიღო ბერლინში, სოციალ-დემოკრატი. ეროვნებით ბერძენი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა საბერძნეთში. საბერძნეთის სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.
9. ვარლამ შერვაშიძე (1888-1957) – პროფესიით ექიმი, ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის კურსდამთავრებული, სოციალ-დემოკრატი. ეთნიკურად აფხაზი. საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ არაერთხელ იქნა რეპრესირებული.
10. დიმიტრი ჯავახიშვილი (1882-1971) – პროფესიით ექიმი, პროფესორი, ოდესისა და მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ეროვნულ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ არაერთხელ იქნა რეპრესირებული.
11. შალვა მიქელაძე (1884-1938) – პროფესიით ექიმი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის კურსდამთავრებული, სოციალ-ფედერალისტი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი. დიდი საბჭოთა ტერორის დროს დახვრიტეს 1938 წელს „სოციალისტ-ფედერალისტთა კონტრრევოლუციური ცენტრის“ წევრობის ბრალდებით.
12. გრიგოლ ალშიბაია (1881-1957) – პროფესიით ექიმი, დიპლომატი, ეროვნულ-დემოკრატი. 1920-1921 წლებში იყო საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი საბჭოთა აზერბაიჯანის სოციალისტურ რესპუბლიკაში.
*ფოტოები დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივ არქივში.